ბოლო წლებში, საქართველოს კაპიტალის ბაზრის ზრდის ტემპი უმნიშვნელოდ მიიწევს წინ. სფეროს წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ ზრდის ტენდენცია, მომდევნო წლებში დაჩქარდება, მით უფრო რომ საქართველო ევროკავშირის წევრობისკენ მიისწრაფვის, რამაც, წესით, საქართველოს და შესაბამისად, ქართული კომპანიების საინვესტიციო რეიტინგი უნდა გააუმჯობესოს.
სახელმწიფოს მიერ გაცხადებული პოლიტიკაც საქართველოს რეგიონულ კაპიტალის ბაზრის ჰაბად ქცევას გულისხმობს, თუმცა რა ვითარებაა რეალურად საქართველოში, რატომ ვერ ვითარდება მნიშვნელოვნად ქართული კაპიტალის ბაზარი და რა ნაბიჯებია ამ მიმართულებით გადასადგმელი, ამ თემაზე „კომერსანტთან“ საქართველოს პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა, ფინანსისტმა თემურ ბასილიამ ისაუბრა.
„ფასიანი ქაღალდების ბაზრის დღევანდელი მდგომარეობა რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული: პირველ რიგში, ფასიანი ქაღალდების ბაზარი რომ ჩამოყალიბდეს აუცილებელია ინვესტორების მხრიდან ნდობა, რომლებიც მზად იქნებიან თავიანთი ინვესტიციები და დანაზოგები ჩადონ ქართული კომპანიების აქციებში. როდესაც ინვესტორებზე ვლაპარაკობთ აქ არ იგულისხმება უცხოელი ინვესტორები და თუნდაც მსხვილ ქართული ბიზნესი. თანამედროვე გაგებით, ინვესტორი არის ნებისმიერ ადამიანი, პირველ რიგში კი საქართველოს მოქალაქე რომელიც მზად არის საქართველოს ეკონომიკაში თავისი, თუნდაც მცირე დანაზოგი ჩადოს.
რატომ ხდება ხოლმე ძალიან ადვილად ინვესტიციები ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, ევროგაერთიანების ქვეყნებში? ამის უმთავრესი მიზეზი გახლავთ ნდობა. ამ ნდობას კი ბევრი ფაქტორი განაპირობებს, ისეთები, როგორიცაა პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობა, სახელმწიფო ინსტიტუტების გამართული მუშაობა, კანონის უზენაესობა, გამართულად ფუნქციონირებადი და რაც მთავარია, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, კორუფციის დაბალი დონე და ა.შ.
მოდით, დავუსვათ საკუთარ თავს კითხვა – განა, ამ თვალსაზრისით საქართველოში ყველაფერი კარგად არის? სანამ ამ მიმართულებით სერიოზული წინსვლა არ იქნება, ბუნებრივია, ასეთი ნდობა ვერ ჩამოყალიბდება. ეს გახლავთ ფუნდამენტური საკითხი“, – ამბობს თემურ ბასილია.
ფინანსისტის თქმით, გარდა ზემოაღნიშნული მთავარი ფაქტორისა არსებობს სხვა საკითხებიც, რომელიც კაპიტალის ბაზრის განვითარებას ხელს უშლის, მათ შორის ინტერესთა ჯგუფები, რომლებსაც მისი განვითარება არ აწყობთ და ასევე საგანმანათლებლო პროგრამების არ არსებობა.
რა თქმა უნდა, სხვა ფაქტორებიც არსებობს: მაგალითად, ის რომ საქართველო როგორც მოსახლეობის რაოდენობით, ისე ეკონომიკის მოცულობით მცირე ქვეყანაა; რომ, საპენსიო დანაზოგების მიმართულებით სერიოზული მუშაობა მხოლოდ მცირე ხნის წინ დაიწყო; რომ, არ არსებობს საგანმანათლებლო პროგრამები, რომლების აუხსნიან პოტენციურ ინვესტორებს (პირველ რიგში მცირე ინვესტორებს) თუ როგორ შეეძლებათ მათ ინვესტიციების განხორციელება; არ არის მიმზიდველი ფინანსური ინსტრუმენტები (მაგ. Mutual Funds, ETFs და ა.შ.); რა თქმა უნდა, არსებობს ინტერესთა ჯგუფები, მათ შორის, საბანკო სექტორი რომლებსაც არ აწყობთ მოვლენების ასეთი მიმართულებით განვითარება. ეს გახლავთ პრობლემების კომპლექსი, რაც არ უწყობს ხელს საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებას“, – ამბობს თემურ ბასილია.




