წიგნები, რომლებსაც შემოდგომა უხდება

ობიექტურად თუ სუბიექტურად, შემოდგომა ერთ-ერთი ყველაზე მყუდრო პერიოდია. ზოგიერთს შეიძლება მხოლოდ მზე და სითბო უყვარდეს, მაგრამ ამ სეზონს რაღაც განსაკუთრებული, განსხვავებული ხიბლი აქვს — შეგიძლია, სახლში თბილად მოკალათდე, გარეთ კი სიცივე გეგულებოდეს. ცხელ სასმელს მიირთმევდე და უყურებდე, როგორ ენაცვლება ფოთლების ფერები ერთმანეთს. ხშირად იმასაც ამბობენ, შემოდგომობით სულ სახლში დარჩენის, წოლის, ფილმების ყურების და კითხვის დროაო. ჰოდა ჩვენც ამ უკანასკნელზე ვფოკუსირდებით — სტატიაში გირჩევთ წიგნებს, რომლებიც შეგიძლიათ, შემოდგომის მიწურულამდე წაიკითხოთ.
პატრიარქის შემოდგომა — გაბრიელ გარსია მარკესი
გაბრიელ გარსია მარკესმა ამ რომანით მოახერხა ის, რაც ვერ შეძლო ვერცერთმა ლათინოამერიკელმა ავტორმა: მან დაწერა მონუმენტური რომანი არა რომელიმე კონკრეტულ დიქტატორზე, მის ცხოვრებაზე, სისუსტეებსა თუ მარცხზე, არამედ გააერთიანა ყველას გამოცდილება, შეკრიბა დიქტატორთა სახეები და შექმნა დიქტატორის ზოგადი, უნივერსალური პორტრეტი.
გაბრიელ გარსია მარკესს ურთულესი მისია ჰქონდა: მას უნდა დაეწერა რომანი, რომელიც „მარტოობის 100 წელზე“ უკეთესი იქნებოდა, რომანზე, რომელმაც მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ლიტერატურას ყველასგან განსხვავებული ხმა შესძინა. გაბრიელ გარსია მარკესი დაჯდა საწერად და შექმნა (ან იქნებ გამოძერწა) ტექსტი, რომელიც საკუთარი მნიშვნელობითა და სამწერლო ოსტატობით არათუ არ ჩამოუვარდება, არამედ აღემატება კიდეც ავტორის მაგნუმ ოპუსს“, — დათო გორგილაძე.
ღმერთი სამსახურშია — დათო გორგილაძე

დათო გორგილაძის მოთხრობების ყველა პერსონაჟი ხელშესახები და ნამდვილია — უწყინარ გლობალურ ფორუმზე მივლინებისას სკანდალებში გახვეული ტატო, ყოფილი მასწავლებელი და ციხიდან ახალგამოსული იზა, რომელიც მოულოდნელად მილანში ჩარჩენილ თავის ყოფილ მოსწავლეს გადააწყდება; სავალდებულო სამხედრო გაწვევას გამოქცეული და „ზღაპრულ მძღნერში“ აღმოჩენილი გევორქა და თბილისის ქუჩებში უჩვეულო ამპლუით განკაცებული ღმერთი.
როგორც ფილმის საწყის ტიტრებში მიანიშნებენ ხოლმე, წიგნი რეალურ ამბებზეა დაფუძნებული, მაგრამ ავტორის ბრწყინვალე წარმოსახვის, ოსტატური თხრობისა და იუმორის წყალობით ეს რეალური ამბები ჩამთრევ ტრილერად იქცევა, რომელიც ერთ ჩვეულებრივ კინოსეანსზე ნაკლებ დროში შეგიძლიათ წაიკითხოთ.
დროსაც რომ თავი გავანებოთ, დათო გორგილაძის მოთხრობების კრებულში მთავარი ალბათ ისაა, რაზეც ერთგული ტაქსის მძღოლი ეპატიჟება ნაბახუსევ მგზავრს დილაუთენია: „ორი სავსე კათხა, ხუთი პატარა თევზი და ორი შავი პური“, და იქვე დააზუსტებს მენიუს: „თუ არ გვეყოფა, გავაბევრებთ.
ველური პალმები — უილიამ ფოლკნერი

უილიამ ფოლკნერის რომანი „ველური პალმები“ იმ სიყვარულის ამბავია, რომლის გადასარჩენადაც გმირები დამყაყებული ყოფიდან თავის დაღწევას ლამობენ. თუმცა, ბედისწერას ვერც ისინი გაურბიან – ამავე წიგნის ორი სხვა პერსონაჟის მსგავსად, რომელთაც ერთმანეთთან ერთი საგანგებო გარემოება დროებით აკავშირებს…
ამ ორი წყვილის თავგადასავალი პარალელურად ვითარდება, რაღაცით ჰგავს ერთიმეორეს და თან სრულიად განსხვავდება კიდეც. და მაინც, ორივე შემთხვევაში იკვეთება დანაშაულისა და სასჯელის თემა. რის იმედადღა შეიძლება იყოს გარდაუვალთან პირისპირ დარჩენილი ადამიანი? ისევ და ისევ – გაძლების, სულის სიმტკიცის შენარჩუნების, როგორც ეს საერთოდ სჩვევიათ ხოლმე ფოლკნერის გმირებს…
პატარა ქალები — ლუიზა მეი ოლკოტი
ლუიზა მეი ოლკოტის ცნობილი კლასიკა „პატარა ქალები“ მოგვითხრობს ოთხი დის შესახებ, რომელთა ცხოვრებაც სამოქალაქო ომის ფონზე ვითარდება. თითოეული მათგანი ერთმანეთისგან განსხვავებულია — მეგის სიღარიბისგან სურს თავის დაღწევა; ჯო მწერალია და უნდა, ამ საქმიანობით დაიმკვიდროს სახელი; ბეტი მშვიდი და კეთილია; ხოლო ემი ხელოვნებითაა გატაცებული.
სიუჟეტი ათ წელს ფარავს და გვიჩვენებს, როგორ იზრდებიან გოგონები, როგორ იცვლება მათი ცხოვრება. ყოველდღიურ მიამიტურ სიხარულს მთელი გულით შეიგრძნობენ — ბევრი რამ არ აქვთ, მაგრამ ბედნიერებას თავად იქმნიან. შემდეგ კი ბევრი დაბრკოლება იჩენს თავს, თუმცა ყველაფერს მშვიდად, ერთმანეთის სიყვარულით უმკლავდებიან.
ეს არის გამჭრიახი, შემაშფოთებელი, იუმორისტული და უამრავი გრძნობით გამსჭვალული რომანი. ის ემოციურად იზიდავს მკითხველს, მომაჯადოებელ ამბებში ხვევს ისე, თითქოს თავადაც მისი მონაწილე იყოს. პატარა ქალები ჩვეულებრივი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნარატივია, რადგან ყოველდღიურობის ორ მხარეს გვაჩვენებს — ბედნიერსა და მწუხარეს.
ედგარ ალან პოს მოთხრობები
ალან პო ის მწერალია, რომლის პირქუში განწყობებიც ზუსტად შეესაბამება იმ ამინდს, ახლა ფანჯრიდან რომ მოჩანს და კარის პირველივე გაღებისას გეტაკება. მისი ამბები სევდის, სიბნელისა და შემზარაობის ირგვლივ ტრიალებს, რაც ცხოვრებისეული რეალობითაა ნაკვები. პოს მოთხრობების დიდი ნაწილი საშინელებათა ჟანრშია დაწერილი, თუმცა ამას გარდა, წერდა სატირებს, იუმორისტულ ზღაპრებს — კომიკური ეფექტისთვის ირონიას და სასაცილო ექსტრავანტურობას მიმართავდა. ასევე, პოსთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო სამეცნიერო ფანტასტიკა, ვინაიდან იმ დროისათვის განვითარებად ტექნოლოგიებზეც წერდა.
რთულია იმის თქმა, რომ ალან პოს მოთხრობებით „ისიამოვნებთ“ — ის ხომ სიკვდილზე, სხეულის გახრწნაზე, გაცოცხლების, შიშისა და გლოვის ირგვლივ ტრიალებს. მისი ფანტაზიები გონებისა და წარმოსახვის ყველაზე ბნელ კუნჭულებში მიგვაქანებს — თითქოს, ყველაზე გაშიშვლებული სახით წარმოგვიდგება ადამიანური რეალობა.
რუბრიკის წარმდგენია გამომცემლობა ინტელექტი
#ვისაუბროთწიგნებზე
ავტორი: ქეთია ბელქანია