მსოფლიოს მსყიდველობითი პარიტეტის (PPP) მიხედვით, საქართველო სიიაფით მსოფლიოში 55-ე ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ მსყიდველობითი პარიტეტით გამოთვლილი PPP დოლარი ანუ ჰიპოთეტური დოლარი, რომელიც ასახავს იმ საქონელსა და მომსახურების ღირებულებას, რომლის შეძენაც აშშ-ში 1 დოლარად არის შესაძლებელი. მაგალითად, თუკი რომელიმე ქვეყანაში 1 აშშ დოლარის მსყიდველუნარიანობაა 2-ს (PPP დოლარს) უდრის, ეს ნიშნავს, რომ კონკრეტულ ქვეყანაში ერთი დოლარით ორჯერ უფრო მეტი საქონლისა და მომსახურების შეძენაა შესაძლებელი, ვიდრე აშშ-ში.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) შეფასებით, 2023 წლისთვის 1 აშშ დოლარის ღირებულება საქართველოში უდრის $2.74 PPP დოლარს. შესაბამისად, IMF-ის შეფასებით, $1000 ნომინალური დოლარის ხელფასის მსყიდველუნარიანობა საქართველოში უდრის $2,740 PPP დოლარის მსყიდველუნარიანობას. ამ მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში 55-ე ადგილზეა.
სიიაფით მსოფლიოში პირველ ადგილზეა სუდანი, სადაც 1000 დოლარი უდრის 6,750 PPP დოლარს, ხოლო ის ქვეყნები, სადაც ფასები აშშ-სთან შედარებით მაღალია 1000 დოლარის ღირებულება 1000 PPP დოლარზე ნაკლებია, ასეთია შვეიცარია, ისლანდია და ნორვეგია.