ლევან დავითაშვილი ადასტურებს, რომ 2 წელია, რაც ყაზახური ნავთობის გატარებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს

ლევან დავითაშვილი ადასტურებს, რომ თითქმის 2 წელია, რაც ყაზახური ნავთობის გატარებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ამის შესახებ რადიო თავისუფლება წერს.
საქართველოზე გამავალი ბაქო-სუფსის მილსადენი შესაძლოა ყაზახეთმა საკუთარი ნავთობის გასატარებლად გამოიყენოს. ეს გეგმა შეცვლის როგორც ეკონომიკურ, ასევე გეოპოლიტიკურ წონასწორობას საქართველოსა და რეგიონში.
ყაზახეთის სახელმწიფო კომპანიის „ყაზმუნაიგაზის” გამგეობის თავმჯდომარე მაგზუმ მირზაგალიევი აზერბაიჯანულ გამოცემა „ტრენდს” ეუბნება, რომ „სოკარი” ერთი თვის ვადაში ამ საკითხზე წინადადებებს მოამზადებს. როგორც ირკვევა, აზერბაიჯანმა ყაზახეთს ნავთობის გადაზიდვებისთვის ბაქო-სუფსის მილსადენი, რომლის წლიური გამტარუნარიანობა 6 მლნ ტონამდეა, ჯერ კიდევ 2022 წელს შესთავაზა.
ეკონომიკის მინისტრი იმედოვნებს, რომ ბაქო-სუფსის მილსადენით ნავთობის გატარება წელსვე დაიწყება.
„რაც შეეხება ნავთობსადენის გამოყენებას, აქ მნიშვნელოვანია აზერბაიჯანული მხარის პოზიცია და აქაც ინტენსიური დიალოგი მიმდინარეობს. საჭირო იყო გარკვეულ პირობებზე შეთანხმება, რადგან განსხვავებული ტიპის ნავთობია ყაზახური და ის აზერბაიჯანულს ვერ შეერევა”, – ამბობს დავითაშვილი.
ყაზახეთი საკუთარი ნავთობის ტრანზიტისთვის საქართველოზე გამავალ კიდევ ერთ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს [BTC] უკვე იყენებს და შარშან მილსადენში 1.39 მლნ ტონა ყაზახურმა ნავთობმა გაიარა.
სრულად წაიკითხეთ აქ.

ასევე დაგაინტერესებთ