“არდის” გენერალური დირექტორი: საქართველოში დაზღვევა კვლავ ფუფუნებად ითვლება

“საქართველოში დაზღვევა კვლავ ფუფუნებად ითვლება. რეალურად კი, რაც უფრო მოწყვლადია ადამიანი, დაზღვევა მით უფრო მეტად სჭირდება,”- ამის შესახებ გადაცემა “ბიზნეს პოსტს” სადაზღვევო კომპანია “არდის” გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ ჯაფარიძემ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, როგორც წესი სექტორი წლიურად საშუალოდ 15-17%-ის ფარგლებში იზრდება, რაც მიმდინარე წელსაც ანალოგიურია. საქართველოში ყველაზე გავრცელებული დაზღვევის ტიპი, ჯანმრთელობის დაზღვევაა, რომელსაც ბაზარზე დაახლოებით 50%-იანი დაფარვა აქვს.
“ჩვენს სადაზღვევო კომპანიას ბაზარზე დაახლოებით 9-10% უჭირავს, რაც დამოკიდებულია კვარტალსა და წელზე, ასევე განსხვავებულია მონაცემები დაზღვევის სახეობების მიხედვითაც. აღსანიშნავია, რომ “არდი” საერთო შედეგებით, სხვა საბაზრო მოთამაშეებს შორის ხუთეულში შედის, ხოლო ჯანმრთელობის დაზღვევის ნაწილში გაცილებით წინ ვართ,”- აცხადებს ჯაფარიძე.
რაც შეეხება სავალდებულო დაზღვევას, ჯაფარიძის განმარტებით, ის ქვეყანას ასოცირების ხელშეკრულებითაც ევალება და მისი არსებობა, კომპანიების განვითარებასა და დასაქმებულების რიცხვის ზრდას განაპირობებს.
მისივე ცნობით, ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც სავალდებულო დაზღვევა გამოიწვევს, დაზღვევის, როგორც რისკის მართვის ინსტრუმენტზე ცნობადობის ამაღლებაა.
ცნობისთვის, 2023 წლის 6 თვის მონაცემებით, სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგებამ 34.3 მლნ ლარი შეადგინა. ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24 მლნ ლარია.
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის პირველ ექვს თვეში სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება 10 მლნ ლარი იყო.2023 წლის 6 თვის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 591 მილიონი ლარი.ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 121,5 მილიონი ლარი.
2023 წლის 30 ივნისის მდგომარეობით რეგისტრირებულია 18 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.
jandacva.ge