Cinemaholics Tbilisi – „ყველაზე პატარა კინოთეატრი ევროპაში“ ბიუჯეტური ფასებით

Cinemaholics Tbilisi 2 წლის წინ გაიხსნა და ამ ხნის მანძილზე ქართველი და უცხოელი კინომოყვარულების საყვარელ ადგილად იქცა. მინი, 12-მაყურებლიანი კინოთეატრი თბილისის ტურისტულ ცენტრში 2500 დოლარიანი ინვესტიციით შეიქმნა. როგორც კომერსანტთან Cinemaholics Tbilisi-ის დამფუძნებელი ამბობს, უცხოელი სტუმრები დაახლოებით 40%-ს შეადგენენ, დანარჩენები ადგილობრივები არიან და ფასებიც მისაღები აქვთ. კინოს გარდა მათი სივრცე კაფესაც აერთიანებს, სადაც ფილმის პოსტერების ყიდვაცაა შესაძლებელი.
„კომერსანტი“ Cinemaholics Tbilisi-ის დამფუძნებელს კინოთეატრის შექმნის, გამოწვევებისა და ფასების შესახებ ესაუბრა.
როდის შეიქმნა Cinemaholics Tbilisi და რამ განაპირობა თქვენი ინტერესი?
ანდრო ლემზიაკოვი, Cinemaholics Tbilisi-ის დამფუძნებელი: ჩვენმა კინომ, როგორც დამოუკიდებელმა კინოთეატრმა, მაყურებელს კარი 2022 წლის 4 ივლისს გაუღო. სურვილი მქონდა, რომ ქალაქისთვის ისეთი ადგილი შემექმნა, რომელიც ადამიანებს სიახლოვის განცდას გაუჩენდა. კინო ჩემთვის არაა მხოლოდ ფილმის საყურებელი ადგილი, არამედ უსაფრთხო და მისტიკური სივრცეა, სადაც ადამიანი ყველანაირ სადარდებელს ივიწყებს და თავს მთლიანად კინოს უძღვნის. მიუხედავად იმისა, რომ გარშემომყოფები მეუბნებოდნენ, ახლა ფილმების ყურება ონლაინაც შეიძლება და კინოს გახსნა სისულელეაო, მე გადაწყვეტილება არ შევიცვალე და მაინც გავხსენი Cinemaholics Tbilisi.
რა ინვესტიციით შეიქმნა Cinemaholics Tbilisi?
კინო პირადი ინვესტიციით, 2500 დოლარით გავხსენი. ეს ჩემი უკანასკნელი დანაზოგი იყო, მაგრამ საწყის ეტაპზე მეყო. მოგვიანებით ფული, რომელიც გამოვიმუშავე, ისევ კინოს განვითარებაში დავხარჯე, რათა სტუმრებისთვის კომფორტული გარემოს შემექმნა.
გვიამბეთ, რა ხდება თქვენს სივრცეში – Cinemaholics Tbilisi-ში? კვირაში რამდენი სეანსი გაქვთ, რა ღირს დასწრება?
კვირაში ერთ ფილმს ვაჩვენებთ, პარასკევიდან ოთხშაბათის ჩათვლით სულ სამი სესიაა: ქართული, ინგლისური და რუსული სუბტიტრებით. ბილეთი 15 ლარი ღირს, სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის – 5, ხოლო სამშაბათობით სააქციო დღეა და ბილეთი ფასი ყველასთვის 5 ლარია.
რამდენიმე მიზეზი არსებობს, რის გამოც მთელი კვირა მხოლოდ ერთ ფილმს ვაჩვენებთ. პირველ რიგში, სუბტიტრებს თავად ვქმნით, რასაც დიდი დრო სჭირდება. გარდა ამისა, როგორც დამოუკიდებელ კინოთეატრს, თავად გვიწევს იმ ფილმის რეკლამირება, რომელსაც ვაჩვენებთ. თითოეული ფილმისთვის ვბეჭდავთ პოსტერებს და ინტერნეტში რეკლამას ვავრცელებთ. ეს მიდგომა სახიფათოა იმ მხრივ, რომ თუ არაპოპულარული ფილმი ვაჩვენეთ, მთელი კვირა ფინანსურად გვიჭირს, მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენ მიერ ნაჩვენებ თითოეულ ფილმს ეს ღირებულებას მატებს.
რამდენ ადამიანზეა გათვლილი თქვენი სივრცე?
Cinemaholics-ის სივრცე ძალიან ინტიმურია – დარბაზი მხოლოდ 12 ადამიანზეა გათვლილი. ჩვენი ევროპელი კოლეგები ხუმრობენ, რომ „ყველაზე პატარა, მაგრამ ამაყი კინო ვართ მთელს ევროპაში“.
კინოსეანსების გარდა, რას მოიცვას Cinemaholics Tbilisi? კაფე, სასმელები გაქვთ? ვიცი ასევე, რომ პოსტერებიც იყიდება. რა ღირს ეს პოსტერები?
ჩვენს კინოში შეგიძლიათ შეუკვეთოთ ყავა, ჩაი, გამაგრილებელი სასმელები, ლუდი და კოქტეილები. დიდი კინოების შემთხვევაში, ეს ფულის გამომუშავების მთავარი წყაროა, მაგრამ ჩვენთან ეს უბრალოდ სტუმრების კომფორტს ემსახურება. ფასებს რაც შეეხება, საშუალო ფასები გვაქვს. ფინჯანი ყავა და ჩაი 5 ლარი ღირს, ჭიქა ღვინო – 7 ლარი, კოქტეილები – 15. კინოს პოსტერების ფასი 10 ლარია.
დაინტერესება როგორია? უფრო ხშირად ქართველი სტუმრები გყავთ, თუ უცხოელები?
ამჟამად ტურისტებისა და ემიგრანტების რიცხვი ჩვენს სტუმრებს შორის დაახლოებით 40%-ია. ისინი, ძირითადად, ინგლისის, საფრანგეთისა და ს მოქალაქეები არიან. ბევრი სტუმარი ჩვენთან ყოველკვირეულად, რეგულარულად დადის ფილმების სანახავად.
სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
ამჟამად ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენს პატარა სივრცეში ათონელის ქუჩაზე და შთავაგონებთ ადამიანებს, რომ ბევრი ფული არაა საჭირო იმისთვის, რომ თავი სწორ ადგილას იგრძნონ.