დიდუბის რაიონში, სამტრედიის ქუჩა #2-ში, გამთენიისას, საცხოვრებელ კორპუსში ძლიერი აფეთქების გამო, კორპუსის მოსახლეობა დროებით სასტუმროებში დაბინავდა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით. აღნიშნულ მისამართზე 93 ოჯახი ცხოვრობს. წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.
„დაზარალებული მოსახლეობა შენობიდან დროულად გამოიყვანეს. მათი სასტუმროებში დაბინავება დიდუბის რაიონის გამგეობამ უზრუნველყო.
კორპუსის მდგომარეობის შესწავლის შემდეგ, ცნობილი გახდება, ადგილობრივი მოსახლეობა საცხოვრებლად აღნიშნულ კორპუსს დაუბრუნდება, თუ კორპუსის გამაგრებამდე დროებით ქირით გადაიყვანენ.
პირველივე წუთებიდან, ადგილზე მობილიზებულები არიან როგორც შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და შესაბამისი უწყებების თანამშრომლები, ისე დედაქალაქის მერიისა და დიდუბის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები“,-აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე აფეთქება გვიან ღამით მოხდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ აფეთქება სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია და მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.