მწერალი, ალეკო შუღლაძე:
პარკში სეირნობისას ვიღაც კაცი ამედევნა, ტელეფონში გაჰყვიროდა, სანქტ-პეტერბურგში აძლევდა ვიღაც რუსს ბიზნეს-დარიგებებს. ნაბიჯს ავუჩქარე, იმანაც აუჩქარა, უკან მომდევდა, „და კოლია, და“, გავჩერდი, ისიც გაჩერდა. მარცხნივ წავიდა, წინ დამხვდა, უკუღმა წავედი წრეზე, გვერდიდან გამომიხტა: „და, სლუშაი მენია, კოლია“… „ბერნარდი“ რომ არის რესტორანი, მაგის უკან დავიმალე, ლიამ ნილსონივით, მეთქი მოვიშორე. წამოვედი, შევიხედე, რესტორანში იჯდა და ისევ ლაპარაკობდა, ეგრევე ადგა გამომყვა…
მაინც ჩემი უბანია, თევზივით ვარ წყალში, გზა ავუბნიე და ანასტასიას მაღაზიასთან ჩამოვიშორე. ანასტასია ვუთხარი, მითვალთვალებენ, ცოტა მეშინია და წამო სახლში გაგაცილებ-მეთქი და წავედით ერთად. გზაში სპირულინას სასარგებლო თვისებებზე ველაპარაკე. უბრალოდ ვილაპარაკეთ, სულ ორი წუთი. არც დაგვისერჩავს და არც ინტერნეტი გაგვიხსნია. ჩუმად ვსაუბრობდით. საღამოს ანასტასიას ფეისბუკზე სპირულინას რეკლამა მიუვიდა.
ყველგან ჩასაფრებულები როგორ არიან, ვერ ვხვდები?!
ერთი ნაცნობი მყავდა სტუდენტობის ხანაში, სულ ელანდებოდა, რომ ვიღაც უთვალთვალებდა. ეგ საწყალი სულ გააფრენდა, ჩვენ დროში რომ ეცხოვრა.