ევროკომისიამ ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას მხარი დაუჭირა

ევროკომისიამ ბოსნია-ჰერცეგოვინისთვის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის რეკომენდაცია გასცა. ამის შესახებ განცხადებას ევროკომისია ავრცელებს.
“მას შემდეგ, რაც კანდიდატის სტატუსი მივანიჭეთ, ბოსნია-ჰერცეგოვინამ ჩვენი მიმართულებით შთამბეჭდავი ნაბიჯები გადადგა. კერძოდ, ქვეყანამ წინ წაწია რეფორმები შემდეგი ნაბიჯებით:
ინტერესთა კონფლიქტის აღკვეთაზე კანონის მიღებით; ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართული კანონის მიღებით; სასამართლო და პროკურატურის სისტემის გაუმჯობესებით, კორუფციის, ორგანიზებული დანაშაულისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გაუმჯობესებით; Frontex-ის სტატუსის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების მანდატის დამტკიცებით მიგრაციის მენეჯმენტის გაუმჯობესებით; ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან სრული თანხვედრის მიღწევითა და შენარჩუნებით”, – ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.
ევროკომისია აღნიშნავს, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ბოსნია-ჰერცეგოვინას მეტი პროგრესის მიღწევა სჭირდება, მაგრამ ქვეყანა აჩვენებს, რომ მას წევრობის კრიტერიუმების დაკმაყოფილება შეუძლია და ბოსნია-ჰერცეგოვინას მომავალი ევროკავშირშია.