გიორგი გოგილაშვილმა ეროვნულ ბიბლიოთეკას რაფიელ ერისთავის პირადი ბიბლიოთეკის წიგნი: „ქართული მწერლობა მეჩვიდმეტე საუკუნეში“ გადასცა

ახალგაზრდა ბიბლიოფილმა გიორგი გოგილაშვილმა ეროვნულ ბიბლიოთეკას გადასცა რაფიელ ერისთავის პირადი ბიბლიოთეკის წიგნი: ზაქარია ჭიჭინაძე. “ქართული მწერლობა მეჩვიდმეტე საუკუნეში”. ტფილისი. 1888 წ. ავტორის მიძღვნითი წარწერით რაფიელ ერისთავისადმი. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი, ლევან თაქთაქიშვილი აქვეყნებს.
„საქმე ისაა, რომ რაფიელ ერისთავის პირადი ბიბლიოთეკა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლიოთეკას გადასცეს რაფიელის შთამომავლობამ. 1927 წელს ეს საზოგადოება გააუქმეს და მისი ბიბლიოთეკა თბილისის უნივერსიტეტს გადაეცა, 1937 წელს კი ეს ბიბლიოთეკა საჯარო ბიბლიოთეკას(დღეს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკა) გადაეცა.
იოსებ გრიშაშვილი წერდა, რომ ეს გადაცემა მოხდა ურმების მეშვეობით და რაღაც რაოდენობა წიგნი დაიტაცესო. ხოდა, ეს არის ერთ-ერთი, რომელსაც წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბეჭედი აზის ტიტულზე და საჯაროსი კი არა!
რაფიელ ერისთავის ბიბლიოთეკა ჩემს მიერ იქნა აღდგენილი 2002 წელს. ეს გამოცემა ვიცოდით, რომ იყო ამ კოლექციაში, მაგრამ ფიზიკურად არ გვქონდა. აი, ქართველი პატრიოტი ბიბლიოფილის და ბუკინისტის მიერ მოძიებულ და გადმოცემულ იქნა ეს უნიკალური ცალი. მადლობა მას!“, – წერს ლევან თაქთაქიშვილი.