ქართული ხელნაკეთი ჩანთების ბრენდი Fredo Handmade ამერიკულ ბაზარზე შედის

„Fredo Handmade “ ქართულ ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს. ამჟამად 3 ადამიანი ჰყავს დასაქმებული და 2000-მდე განსხვავებული დიზაინის ჩანთას ამზადებს.
კომპანიის დამფუძნებლის თქმით, „ Fredo Handmade “ აწარმოებს ხისა და ტყავის კომბინაციით შექმნილ ხელნაკეთ ჩანთებს, რომელსაც ონლაინ ყიდის.
„ჩვენი კომპანია ქართულ ბაზარზე 2015 წლიდან გაჩნდა. საწყისი კაპიტალი სულ რაღაც 100 ლარი იყო, თუმცა დროთა განმავლობაში, განვვითარდით და ამ ეტაპამდე მოვედით. ვამზადებთ ხელნაკეთ ჩანთებს, რომლებიც ხის და ტყავის კომბინაციით იქმნება.
ჩანთები მზადდება სახელოსნოში, სადაც ამ ეტაპზე 3 ადამიანია დასაქმებული, თუმცა, სეზონურად (ძირითადად დეკემბერში) ვიმატებთ თანამშრომლებს“.
„Fredo Handmade“ დეკემბრის თვეში (წინა საახალწლო პერიოდი) 500-დან 800-მდე ჩანთას ყიდის, რომელთა ფასიც 80 ლარიდან 90 ლარამდე მერყეობს. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა აღნიშნა, მათ ნიშას მოქარგული ჩანთები წარმოადგენს, რასაც სხვაგან ვერ შეხვდებით.
„გვაქვს როგორც ჩვენი შექმნილი ვიზუალის ჩანთები, ასევე ინდივიდუალურ შეკვეთებსაც ვაკეთებთ. დაახლოებით 2000-მდე განსხვავებული დიზაინის ჩანთას ვამზადებთ, რომელთა ფასიც 80 ლარიდან 90 ლარამდე მერყეობს.
კომპანიის ნიშას წარმოადგენს ის, რომ ხის და ტყავის კომბინაციით მოქარგულ ჩანთებს მხოლოდ ჩვენ ვაწარმოებთ. ასევე, რაც მთავარია, ჩანთები ხელით იხატება.
ყოველთვიურად 100 ჩანთაზე მეტი იყიდება, თუმცა დეკემბრის თვეში (წინა საახალწლო პერიოდში) 500-დან 800-მდე ჩანთა იყიდება. მოთხოვნადობის მხრივ, საქართველოს რუკითა და ცნობილი მხატვრების სურათებით დამზადებული ჩანთები ლიდერობს“.
„Fredo Handmade“ აწარმოებს მოლაპარაკებებს და უახლოეს მომავალში, ამერიკის ბაზარზე შევა.
„ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები, ხელშეკრულების დადების ეტაპზე ვართ. უახლოეს მომავალში კი ჩვენი ჩანთების ხილვა ამერიკაში მდებარე ქართულ მაღაზია „ბარამში“ იქნება შესაძლებელი,“ – აღნიშნა კომპანიის დამფუძნებელმა.

ასევე დაგაინტერესებთ