Apple, Disney, IBM ილონ მასკის X-თან სარეკლამო კონტრაქტებს წყვეტენ – რა გახდა მიზეზი

ილონ მასკის ანტისემიტიზმში დადანაშაულებისა და X-ზე (ყოფილი Twitter) პრონაცისტური პოსტების გვერდით სარეკლამო პოსტების განთავსების ფონზე არაერთმა წამყვანმა კომპანიამ სოციალურ ქსელთან კონტრაქტების შეჩერების შესახებ გამოაცხადა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
კომპანიებს შორის, რომლებმაც გამოაცხადეს რეკლამის შეჩერება, არის Apple, Disney, სატელეკომუნიკაციო კორპორაცია Comcast და Warner Brothers Discovery, ასევე ევროკომისია, სატელევიზიო ქსელი Paramount და კინოსტუდია Lionsgate-ი.
Washington Post-ის თანახმად, Apple იყო ყველაზე დიდი რეკლამის განმთავსებელი პლატფორმაზე – 2022 წლის პირველ კვარტალში კომპანიის წყალობით X-მა $50 მილიონი მოგება მიიღო.
ერთი დღით ადრე იგივე გადაწყვეტილება მიიღო კომპიუტერებისა და პროგრამული უზრუნველყოფის მსოფლიოში ერთ-ერთმა უმსხვილესმა მწარმოებელმა IBM-მა.
X-ის მფლობელმა ელონ მასკმა დადებითად უპასუხა პოსტს, რომელიც ებრაულ თემებს “თეთრი სიძულვილის” ხელშეწყობაში ადანაშაულებდა და ანტიემიგრანტულ განწყობებს შეიცავდა. მემარცხენე ჯგუფმა Media Matters for America-მ განაცხადა, რომ მასკის ტვიტი სავარაუდოდ მხარს უჭერდა ანტისემიტურ შეთქმულების თეორიას, რომელიც ცნობილია როგორც “თეთრი გენოციდი”. რომლის თანახმადაც ებრაელები სისტემატურად გეგმავენ დასავლეთის ქვეყნებში იმიგრაციის წახალისებას დემოგრაფიული ცვლილებების შესაქმნელად.
თეთრი სახლი გამოეხმაურა მომხდარს და თქვა, რომ გმობს „ანტისემიტური და რასისტული სიძულვილის პროპაგანდას“.
ამავდროულად, მასკი ირწმუნება, რომ ის არ არის ანტისემიტი და განმარტა, რომ მისი კომენტარები ეხება არა ყველა ებრაელს, არამედ გარკვეულ ჯგუფებს. კერძოდ, Anti-Defamation League (ADL), რომელსაც ის ადრე სასამართლოში ჩივილითაც ემუქრებოდა პლატფორმა X-ის ანტისემიტიზმში დადანაშაულების გამო.
კრიტიკული დამოკიდებულების მიუხედავად ADL მაინც აღიარებს მასკის ნაბიჯებს პლატფორმაზე სიძულვილის წინააღმდეგ საბრძოლველად. კერძოდ, მასკმა განაცხადა, რომ ნებისმიერი, ვინც გამოიყენებს ლოზუნგებს, როგორიცაა „მდინარიდან ზღვამდე“ შეიძლება დაიბლოკოს პლატფორმიდან.
გარდა ამისა, Media Matters for America ამბობს, რომ იპოვა IBM-ის, Apple-ის და სხვა კომპანიების მიერ შეძენილი რეკლამები ისეთი პოსტების გვერდით, რომლებიც მოიცავდა ადოლფ ჰიტლერის ციტატებს, ნაცისტების მოწონებას და ჰოლოკოსტის უარყოფას.
სოციალური ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა ლინდა იაკარინო ირწმუნება, რომ X-ს აქვს „მკაფიო პოზიცია“: დისკრიმინაცია უნდა შეწყდეს ყველა ფრონტზე.