ნარკოპოლიტიკა არის საზოგადოებაში ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემა, რაზეც ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრებიც ხშირად საუბრობენ; მინდა, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა მინისტრს, ბატონ ვახტანგ გომელაურს, იმისთვის, რომ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ოპერაცია ჩატარდა გასული პერიოდის განმავლობაში, მოხდა რეალიზატორების იდენტიფიცირება, ქსელების იდენტიფიცირება, თუმცა კიდევ უფრო მეტია საჭირო, გამომდინარე იქიდან, რომ კვლავაც სახეზეა ნარკოტიკების რეალიზაციის, მოხმარების ფაქტები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, დაუშვებელია ნებისმიერი ლოიალური დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ; მომხმარებლებს სჭირდებათ ზრუნვა, თუმცა რეალიზატორებთან საჭიროა მაქსიმალური სიმკაცრე და ეს უნდა იყოს მთავრობის პოლიტიკა ამ მიმართულებით.
„არის გარკვეული სისტემური მოვლენებიც, რაც ამას უკავშირდება. არის ასეთი ტერმინი მათ შორის დამკვიდრებული – ლიბერალური ნარკოპოლიტიკა, რაც მე ვიტყოდი, რომ არის იმ იდეოლოგიის გაგრძელება, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიას, ანუ ეს არის ამ იდეოლოგიური ხაზის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, რასაც ვფიქრობთ, რომ უნდა დავუპირისპირდეთ. ეს არ არის ის იდეოლოგია, რომელიც შეიძლება რომ მისაღები იყოს ჩვენი საზოგადოებისთვის და რომელიც შეიძლება წაადგეს ჩვენს საზოგადოებას. ნარკოტიკები ანადგურებს არა მხოლოდ ჯანმრთელობას, არამედ ღირებულებებსაც და ეს არის ამ ე.წ. ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რომ ახალგაზრდებში განადგურდეს ღირებულებები, რასაც ჩვენ აუცილებლად უნდა დავუპირისპირდეთ.
ერთი პერიოდი ამ ადამიანებმა მიაღწიეს წარმატებას ლიბერალური ნარკოპოლიტიკის იდეოლოგიის პროპაგანდის მიმართულებით. თუმცა, ჩვენ ამას არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევეგუოთ. დაუშვებელია ნებისმიერი ლოიალური დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ. რა თქმა უნდა, არ ვსაუბრობ მომხმარებლებზე, ჩვენ გვჭირდება პირიქით ზრუნვა მომხმარებლების მიმართ, იმისათვის, რომ მათ უარი ვათქმევინოთ ნარკოტიკების მოხმარებაზე. ეს უნდა იყოს ჩვენი ნარკოპოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, თუმცა რაც შეეხება რეალიზაციას, რეალიზატორებს, აქ გვჭირდება მაქსიმალური სიმკაცრე, ეს უნდა იყოს ჩვენი პოლიტიკა.
ასევე ყურადღება არის მისაქცევი ფსიქოტროპულ აფთიაქებზე, ამას ცალკე უნდა გაესვას ხაზი, რაზეც საზოგადოებაშიც ხშირად საუბრობენ და მინდა, ვთხოვო ყველა შესაბამის სამინისტროს, განსაკუთრებით ძალოვან უწყებებს, რომ შევიმუშაოთ ერთიანი, განახლებული გეგმა იმისათვის, რომ კიდევ უფრო ეფექტიანი გახდეს ჩვენი ბრძოლა ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ,“- განაცხადა პრემიერმა.