თურქი ბიზნესმენი ბათუმში 7 ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავს – ემინ უჩარის პროექტის დეტალები

თურქი ბიზნესმენი ემინ უჩარი ბათუმში, კახაბრის დასახლებაში 6 ცათამბჯენის, სასტუმროს და საზოგადოებრივი სივრცის მშენებლობას გეგმავს. 8 ჰექტარზე მეტი ფართობის სამ მიწის ნაკვეთზე ცათამბჯენების და მისი დამხმარე ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროექტის კონცეფცია ს საკრებულოს უკვე დამტკიცებული აქვს.
ტერიტორიის მფლობელი კომპანია შპს MAQRO-ს, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი ემინ უჩარია, მერიაში განაშენიანების დეტალური გეგმა (გდგ) წარდგენილი აქვს. გდგ-ს მიხედვით, განაშენიანების მაქსიმალური სართულიანობა 38 სართულია (მიწისზედა), ხოლო განაშენიანების სიმაღლის მაქსიმალური მაჩვენებელი 115 მ.
პროექტის მიხედვით, შვიდი შენობა, მათ შორის სასტუმრო, 30-38 სართულიანი იქნება, საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა კი 4-სართულიანი. კომპლექსში განთავსდება ბინები, სასტუმროს ნომრები და სხვადასხვა დანიშნულების საზოგადოებრივი ობიექტები, ასევე მიწისქვეშა ავტოსადგომები. გარდა ამისა დაგეგმილია, ღია ავტოსადგომების, სათანადო ინფრასტრუქტურის, შიდა გზების და გამწვანების მოწყობა.
პროექტის მიხედვით, გეგმარებით ერთეულზე განთავსებული იქნება 2445 ბინა, 560 სასტუმრო ნომერი და საზოგადოებრივი დანიშნულების 14677 კვ.მეტრი ფართობი. დადგენილების თანახმად, საკვლევ ობიექტს უნდა გააჩნდეს მინიმუმ 1503 ავტოსადგომი, ხოლო სასტუმრო და საზოგადოებრივი ფართობებს 211 ავტოსადგომი.
პროექტის კონცეფცია ბათუმის საკრებულომ 2023 წლის 19 დეკემბერს დაამტკიცა, რომლის საფუძველზეც შემუშავდა გდგ-ს პროექტი.
რაც შეეხება შპს MAQRO-ს, კომპანია საქართველოში 2012 წელს დაფუძნდა და მის 100%-ს ბიზნესმენი ემინ უჩარი ფლობს, მას ორმაგი (საქართველო/თურქეთი) მოქალაქეობა აქვს. ბიზნესმენი საქართველოში ფლობს ასევე შპს „მაქრო ქონსთრაქშენს“, შპს „მაქრო ფუდსა“ და „მაქრო ტურიზმს“. ემინ უჩარმა ბიზნესსაქმიანობა აზერბაიჯანში, ნახიჩევანის რეგიონში დაიწყო, მის სახელს უკავშირდება ამ რეგიონის მმართველ ვასიფ თალიბოვთან ერთად განხორციელებული სხვადასხვა ბიზნეს გარიგებები.

ასევე დაგაინტერესებთ