“შამპუნის წარმოებას ვიწყებთ” – კოსმეტიკის ქართული ბრენდი “პიელ ნატურალსი”

ნატურალური კოსმეტიკის მწარმოებელი ქართული ბრენდი, „პიელ ნატურალსი“ წელს შამპუნის ხაზის ამოქმედებას გეგმავს. ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემა „ქალების ნარატივში“ კომპანიის დამფუძნებელმა, თათუკა ლომაძემ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, შამპუნის მიმართულების ამოქმედება დიდი ხანია დაანონსებული იყო, თუმცა ერთი ინგრედიენტის გამო, რომელიც საფრანგეთიდან უნდა ჩამოსულიყო წარმოების პროცესი გააჭიანურა.
„მაქსიმალურად ვცდილობთ განვითარებას და რეალიზაციაში ახალი პროდუქციის ჩაშვებას. მაგალითად, შამპუნის მიმართულება დიდი ხანია დაანონსებული გვქონდა, მაგრამ ერთი ინგრედიენტის გამო, რომელიც საფრანგეთიდან უნდა ჩამოსულიყო, წარმოება გაჭიანურდა. სულ მალე ინგრედიენტი საბაჟოზე იქნება, ფორმულას ტესტირება უკვე ჩატარებული აქვს და წელს, ზაფხულისთვის ჩვენს მომხმარებლებს პარაბენის, პარაფინის და სილიკონის გარეშე დამზადებული შამპუნი ექნება.
უნდა აღინიშნოს, რომ მომხმარებლისგან დაინტერესება მზარდია. მეტიც, უკვე საერთაშორისო ბაზარზე ვართ გასული. სანამ ქუვეითში მაღაზიას გავხსნიდით, მანამდე, ორი კვირის წინ ფრენჩაიზის მოდელით ექსპორტზე პაკისტანში გავედით. ამ ორკვირიანი დაკვირვებით, მომხმარებლის მხრიდან დაინტერესება ძალიან დიდია და ვფიქრობთ, მალე ბრენდი პაკისტანში ძალიან პოპულარული გახდება,“ – აცხადებს ლომაძე.
მისივე ცნობით, პაკისტანში პირველივე ჯერზე საკმაოდ დიდი რაოდენობის პროდუქცია გაიტანეს. თუმცა გარდა აქედან წარმოებული პროდუქტების გატანისა, „პიელ ნატურალსის“ ინტერესია დან რეალიზაციის საკითხიც.
რაც შეეხება ქუვეითს, აქ მაღაზიის გახსნაა დაგეგმილი, რისთვისაც საჭირო დოკუმენტაციის მოწესრიგებაა საჭირო.
„წელს, ქუვეითში მაღაზიის გახსნა არის დაგეგმილი, თუმცა რა მოცულობების გატანაზეა საუბარი, ამ ეტაპზე არ მაქვს ინფორმაცია. გარდა ამისა, ქუვეითის ბაზარზე ახალი მიმართულება, კერძოდ შეფუთვის მიმართულება გვინდა შევცვალოთ. ამასთან, ახალი პროდუქციის შექმნასაც ვგეგმავთ. უშუალოდ 7 ახალი ფორმულა უკვე მზად არის, რომელიც ქუვეითის ბაზარზე შევა,“ – განაცხადა „პიელ ნატურალსის“ დამფუძნებელმა.
ლომაძე გადაცემაში საუბრისას აღნიშნავს, რომ მსოფლიო ბაზრის ტენდენციაა ნატურალურ და ორგანულ პროდუქციაზე არჩევანის გაკეთება, რასაც უკვე ადგილობრივებიც მიჰყვებიან და მათთვის პრიორიტეტული, ნატურალური პროდუქციის გამოყენება ხდება.
მისივე პროგნოზით, ადგილობრივ ბაზარზე წარმადობის ზრდაა მოსალოდნელი, რაც ადგილობრივ ბაზარზე სახელფასო ფონდის ზრდას განაპირობებს.
„მე ორიენტირებული ვარ იმაზე, რომ ჩემს კომპანიაში ყველას საუკეთესო სამუშაო პირობები ჰქონდეს. რაც ვფიქრობ, პირველ რიგში არის ხელფასი. რაც უფრო მეტად გაიზრდება ექსპორტი და რაც უფრო მეტად მოზიდული ინვესტირების აკუმულირება იქნება, მით უფრო მეტი მექნება მეც და ჩემს კომპანიასაც, რომ ჩვენს თანამშრომლებსაც ჰქონდეთ საუკეთესო პირობები,“- განმარტავს თათუკა ლომაძე.
ცნობისთვის, “პიელ ნატურალსი” 8 წელია ბაზარზე ოპერირებს და მომხმარებელს 150 სახეობის ნატურალურ თავის მოვლის საშუალებას სთავაზობს.