„იღებ მათემატიკის არმცოდნე აბიტურიენტს ბიზნესის ადმინისტრირებაზე და ამბობ, რომ 3 წელში სპეციალისტს გამოუშვებ, რაც უხერხულია“- ტაბატაძე

განათლების მკვლევრის შალვა ტაბატაძის აზრით, იდეურად 3 წლიანი საბაკალავრო პროგრამების შემოტანა სწორია, თუმცა, იქამდე მნიშვნელოვანია უნივერსიტეტებში მიღების მოდელი შეიცვალოს და ის რაოდენობის ნაცვლად, ხარისხზე ორიენტირებული გახდეს.
ტაბატაძე განმარტავს, რომ უნივერსიტეტებში ჩარიცხვის დროს მათემატიკის ცოდნა და უნარები აბიტურიენტთა 62%-ში არ მოწმდება, ხოლო 38%-ში მიღებული შედეგები საკმაოდ დაბალია. ამასთან, იმის გამო, რომ დაფინანსება სტუდენტთა რაოდენობაზეა მიბმული, უნივერსიტეტები, მათ შორის ბიზნეს ადმინისტრირებაზე სწავლის საშუალებას მსურველებს, ისტორიის ჩაბარებითაც აძლევენ, რაც საბოლოოდ ბაზარზე არაკვალიფიციური კადრის გამოშვების წინაპირობა ხდება.
„იდეის დონეზე 3-წლიანი საბაკალავრო პროგრამა სწორია, თუმცა აქ უნდა ვისაუბროთ, რამდენად არის განათლების სისტემა მზად ამისთვის. ეს ხომ არ არის მექანიკური პროცესი, როცა 240-კრედიტიანი პროგრამა გახდება 180-კრედიტიანი. განათლების სისტემა საკმაოდ კომპლექსურია და ამიტომ შესაძლებლობა რომ გაჩნდეს სხვადასხვა მიმართულებით, სერიოზული რეფორმები უნდა იყოს ჩატარებული”, – განაცხადა შალვა ტაბატაძემ.
მისივე თქმით, კონკურენცია ევროპულ ბაზარზე არ ნიშნავს მხოლოდ 3-წლიანი პროგრამის ქონას, ეს ბევრ სხვადასხვა ფაქტორს გულისხმობს. როგორც ის ამბობს, მაგალითად ევროპაში, 3-წლიან პროგრამებზე მიღებული აბიტურიენტები საკმაოდ კარგად მომზადებულები არიან სხვადასხვა მიმართულებით. “ჩვენთან დღევანდელი მიღების წესი ქმნის იმის შესაძლებლობას, რომ მათემატიკის უნარ-ჩვევების არმქონე აბიტურიენტი გახდეს სტუდენტი. 40 ათასიდან მხოლოდ 14 ათასი აბარებდა მათემატიკას და მათგან 8 ათასმა მიიღო დაბალი და დაბალზე დაბალი შეფასება, ანუ ეს რას ნიშნავს? ძალიან მცირე რაოდენობაა ისეთი, ვინც მათემატიკა იცის. როდესაც იღებ აბიტურიენტებს ბიზნესის ადმინისტრირებაზე, რომელმაც არ იცის მათემატიკა და 3 წლის განმავლობაში ამბობ, რომ სპეციალისტს გამოვუშვებ, უხერხულია. მათემატიკის არ მცოდნე სტუდენტს ჯერ მათემატიკა უნდა ასწავლო და შემდეგ ბიზნესის ადმინისტრირება. სწორი მოდელისთვის კი აუცილებელია მათემატიკის ცოდნა მოთხოვნაში იყოს მიღების დროს”, – განმარტა შალვა ტაბატაძემ და დასძინა რომ ხელის შემშლელი ამ კუთხით დაფინანსების სისტემაა, რომელიც მხოლოდ რაოდენობაზეა მიბმული და არა ხარისხზე.
“მათი ინტერესია ბევრი სტუდენტი მიიღონ და ხარისხი მეორე ადგილზეა. ამის დასტურია ის, რომ როცა უნივერსიტეტებს მიეცათ არჩევანის საშუალება ბიზნესის ადმინისტრირებაზე აერჩიათ მათემატიკა თუ ისტორია, დიდმა ნაწილმა აირჩია ისტორია, იმიტომ რომ აბიტურიენტები მოეზიდათ. ანუ დაბალი ცოდნის აბიტურიენტი მიიღეს, ეს გრძელდება სწავლების პროცესშიც. სტუდენტი, რომელიც ვერ ახერხებს პროგრამის დაძლევას, ის ინარჩუნებს სტუდენტობას, იღებს დიპლომს, გადის შრომის ბაზარზე და ვერ საქმდება იმიტომ, რომ მისი კვალიფიკაცია დაბალია.
მე არ ვამბობ, რომ 4 წელში ისწავლი უკეთ, დღეს რა პროგრამაც არის, ის შეიძლება 2 წელშიც ასწავლო. პროგრამის ხარისხი და შინაარსია მნიშვნელოვანი და სამწუხაროდ, ჩვენი აკრედიტაციის პროცესი დაცლილია შინაარსისგან და მხოლოდ ფორმალურ პროცედურებზეა გადასული. ამიტომ შინაარსზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება.
აღსანიშნავია ისიც, რომ ბიზნესის ადმინისტრირების ხვედრითი წილი ძალიან მაღალია, 25%-ს აღწევს, ხოლო საკადრო რესურსი, ვინც შეიძლება კარგი კადრები მოამზადოს 3 თუ 4 წელში ძალიან მცირეა.“ – განაცხადა „საქმიანი დილის“ ეთერში სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის ხელმძღვანელმა, შალვა ტაბატაძემ.
ინფორმაციისთვის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გიორგი ამილახვარის გადაწყვეტილებით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, უკვე არსებულ პროგრამებთან ერთად, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით ბაკალავრიატის არანაკლებ 180-კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების შესაძლებლობა მიეცათ.
უწყების ცნობით, უახლოეს მომავალში მიღებული იქნება შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციები, რომლებიც უნივერსიტეტებს მისცემს საშუალებას, განახორციელონ 1-წლიანი (60-კრედიტიანი) სამაგისტრო პროგრამებიც.
განათლების სამინისტროს ინფორმაციითვე, ბიზნესის ადმინისტრირების გარდა ცვლილება ეტაპობრივად სხვა პროგრამებზეც გავრცელდება.

ასევე დაგაინტერესებთ