საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში III კვარტალში შემოვიდა 4191 გემი, რომელთა უმრავლესობა თურქეთის დროშის ქვეშ დაცურავს

2023 წლის III კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოვიდა 4191 გემი, რომელთა 32.9 პროცენტი გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთის გადამზიდია, 28.9 პროცენტი – კონტეინერმზიდი, 28.4 პროცენტი – თხევადი ტვირთმზიდია, ხოლო 9.8 პროცენტი ნაყარ ტვირთმზიდზე, ბუქსირებზე, სამგზავრო და სპეციალიზებულ გემებზე ნაწილდება.
„საქსტატის“ ინფორმაციით, 2023 წლის III კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 70.4 პროცენტით მეტი კონტეინერმზიდი მიიღო, 1.7 პროცენტით ნაკლები – თხევადი ტვირთმზიდი, 23.8 პროცენტით ნაკლები – გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთმზიდი და 15.4 პროცენტით ნაკლები – ნაყარი ტვირთმზიდი.
2023 წლის III კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოსული გემების 16.5 პროცენტი თურქეთის დროშის ქვეშ დაცურავს, 16.0 პროცენტი – ლიბერიის, 15.0 პროცენტი – პანამის, 7.6 პროცენტი – მალტის, 6.0 პროცენტი – ვანუატუს, 4.3 პროცენტი – ბარბადოსის, 4.1 პროცენტი – ბულგარეთის, ხოლო 30.5 პროცენტი სხვა ქვეყნებზე ნაწილდება.
2023 წლის III კვარტალში საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 3548.2 ათასი ტონა ტვირთი გადაამუშავა, რაც 0.5 პროცენტით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. გადამუშავებული ტვირთის 43.6 პროცენტი გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთია, 29.5 პროცენტი – თხევადი ტვირთი, 26.9 პროცენტი – ნაყარი ტვირთი.
2023 წლის III კვარტალში საქართველოს ნავსადგურები 5.9 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 3.1-ჯერ მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, მგზავრთა ნაკადში გასული მგზავრების წილი მცირედით აღემატება შემოსული მგზავრების წილს და 50.8 პროცენტს შეადგენს.