საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ინფლუენსერები ვიდეორგოლებს ამზადებენ

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა და “USAID საქართველოს” თანამონაწილეობით საერთაშორისო ინფლუენსერები საქართველოს ეწვივნენ.
პრესტურის ფარგლებში იტალიიდან, კანადიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ბრენდინ კელი ლოგანი, მეგან ელიზაბეთ ორურკი, ნიკოლო ლეონე, რაშიდა სასუ და იუსიზ კადჰოდი საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან.
ინფლუენსერებს ღვინის მუზეუმში შეხვდა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.
„საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და “USAID საქართველოს” თანაპარტნიორებით საქართველოს ეწვივნენ ბლოგერები და ინფლუენსერები სხვადასხვა ქვეყნიდან. ტურის ფარგლებში ინფლუენსერებმა თბილისი, დაშბაში კანიონი, ფარავნის ტბა, ფოკა, საღამოს ტბა, ვარძია, ბორჯომი, კახისის ტბა, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, წინანდალი, ყვარელი, სტეფანწმინდა, გუდაური და ანანური მოინახულეს, გაეცნენ საქართველოს ისტორიას, ეწვივნენ სათავგადასავლო ტურისტულ ადგილებს, დააგემოვნეს ქართული ღვინო და გაეცნენ გასტრონომიას“,-განაცხადა მაია ომიაძემ.
„ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თუ როგორი მრავალფეროვანია საქართველო ბუნებით, მთებით, არქიტექტურით, ციხე-კოშკებით. თითოეულ ადგილას სადაც არ უნდა წახვიდე უამრავ სანახაობას აღმოაჩენ“,-ამბობს ტურის მონაწილე მეგან ელიზაბეთ ორურკი.
„როდესაც ვმოგზაურობ ყოველთვის ვიძახი, რომ იტალიელის გაკვირვება ადვილი არ არის, საქართველოში კი ნამდვილად გაოცებული დავრჩი, პირველ რიგში ეს არის ხალხის სტუმართმოყვარეობა, ღვინო, სამზარეულო და რა თქმა უნდა მთები. ყველას ვურჩევ მოინახულოს თბილისი, გაეცნოს ქალაქი, მაგრამ განსაკუთრებით მაგარია საქართველოს მთებში მოგზაურობა და ამ მიმართულებით ყაზბეგს გამოვარჩევდი“,-აცხადებს ინფლუენსერი ნიკოლო ლეონე.
ტურის მონაწილეები ქართული კულტურის, ტურისტული პროდუქტების, ბუნების, კურორტების, ქართული სამზარეულოსა და ღვინის შესახებ პოსტებს, ბლოგებს, ვიდეორგოლებსა და სთორებს მოამზადებენ, რომელსაც სხვადასხვა სოციალურ ქსელში ასიათასობით გამომწერი იხილავს.
პრესტურის მიზანია ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და სპარსეთის ყურის ქვეყნებში საქართველოს ცნობადობის გაზრდა და ტურისტული ნაკადების მოზიდვა.