ჩვენ ახლა ვნახეთ წარმოუდგენელი მასშტაბის პროცედურული დარღვევა, რაზეც რეაგირება არ ჰქონია პარლამენტის თავმჯდომარეს – მომხსენებელმა მთელი მოხსენება გამოიყენა იმისათვის, რომ პერსონალური შეურაცხყოფები მიეყენებინა კოლეგისთვის და ამაზე რეაგირებას არ ახდენთ თქვენ, ბატონო შალვა, – ასე მიმართა პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს.
ამით კორძაიამ „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებების განხილვისას გია ცაგარეიშვილის გამოსვლა გააპროტესტა, რომელმაც საკუთარი სიტყვა „ევროპტიმისტების“ დეპუტატს რომან გოცირიძესა და გერმანიის ბუნდესტაგში ზურაბ ადეიშვილისთვის საპატიო სტუმრის ლოჟაში გამოჩენას მიუძღვნა.
„იმ ტრიბუნასთან ადამიანი გამოდის კონკრეტულ კანონპროექტზე სალაპარაკოდ და ყველაფერზე ილაპარაკა კანონპროექტის გარდა და პირად შეურაცხყოფებზე გადავიდა, სამი წუთი ლანძღავდა საკუთარ კოლეგას და ამაზე მგონი, შენიშვნას იმსახურებს“, – აღნიშნა თამარ კორძაიამ.
აღნიშნულს პარლამენტის თავმჯდომარე შემდეგი რეპლიკით გამოეხმაურა – „შენიშვნა ბატონ გიორგის, ბატონ რომანს ექნება საშუალება, რომ გამოვიდეს შემდეგ“, ხოლო კანონპროექტის მომხსენებელმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა, აღნიშნა, რომ ცაგარეიშვილის წარმოთქმულ სიტყვას იზიარებს.
„მომხსენებელს აქვს ეს უპირატესობა, ვუერთდები და ვადასტურებ ყველა იმ სიტყვის მნიშვნელობას, რაც მან აღნიშნა“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
პაპუაშვილისა და ოხანაშვილის მსგავს რეაქციას დარბაზში ხმაური მოჰყვა, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატებს კანონპროექტის განხილვისკენ მოუწოდა.
„უკვე ყურში ჩამესმის ზოგიერთ ტელევიზიის ხმა, რომ სხდომა პარლამენტში ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. გთხოვთ, ხმაური არ იყოს და განვიხილოთ კანონპროექტი“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
ინფორმაციისთვის, პარლამენტში „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებებს განიხილავენ, რომლითაც გამონაკლისი შემოდის და დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით მივლინების ვადა და მასთან დაკავშირებული აკრძალვა ევროჯასტში მეკავშირე პროკურორისა და პროკურორის დამხმარის მიმართ არ გავრცელდება.