საქართველოს ნაკრებთან ნამატჩევს (3:1) კომენტარი ესპანეთის ნაკრების მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ გააკეთა:
“საქართველოსთან პირველ შეხვედრას მეორესთან საერთო არაფერი ჰქონდა. ინიციატივას დავეუფლეთ, მაგრამ გამარჯვების მოპოვება ადვილი არ იყო. ისე ვერ ვითამაშეთ, როგორც მაშინ. აი, ამიტომ უნდა დავაფასოთ თბილისში 7:1 მოგება, სადაც სრულყოფილებას მივაღწიეთ. კმაყოფილები ვართ, რადგან ჩვენმა გეგმამ იმუშავა. მეტოქეს მაღალი დონის შემტევები ჰყავს.
გავის ტრავმის გამო ეს ერთ-ერთი ყველაზე მწარე გამარჯვება იყო. მჭიდრო კალენდარია და ნებისმიერი შეიძლებოდა დაშავებულიყო. გავისა და “ბარსელონასთვის” მძიმე მომენტია. განადგურებულები ვართ და გასახდელში ისეთი სიტუაცია
იყო, თითქოს დავმარცხდით. ფეხბურთი სარისკო თამაშია და ტრავმები გამორიცხული არაა.
გავი ამბობს, რომ ტრავმა მოწინააღმდეგესთან შეჯახების შედეგად არ მიიღო, არამედ იმიტომ, რომ შემდეგ მოედანზე ფეხი უხერხულად დადგა და მუხლი დაიზიანა. ის განადგურებულია. თუ ხვალ სამედიცინო შემოწმებამ მძიმე ტრავმა დაუდგინა, ევროპის ჩემპიონატის გამოტოვება მოუწევს, მაგრამ იმედი მაქვს, ასე არ იქნება”.