ადვოკატი – არცერთი დამაჯერებელი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ ალი ბალაძემ რაიმე სახის დანაშაული ჩაიდინა – როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე გამამართლებელ ვერდიქტს ალტერნატივა არ აქვს

თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაკავებული პირის, ალი ბალაძის ადვოკატის განცხადებით, საქმეზე გამამართლებელ ვერდიქტს არანაირი ალტერნატივა არ აქვს.
როგორც ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ აღნიშნა, ბრალდება ორი მოწმის იმედზეა, რომლებიც ჩვენებებზე იმას იტყვიან, რასაც პროკურატურა მათ დაავალებს.
მისივე თქმით, ზემოხსენებული მოწმეები მინიმუმ ოთხჯერ დაკითხეს და მათი ჩვენებები ერთმანეთს არცერთხელ დაემთხვა.
„საქმეში არსებული არცერთი დამაჯერებელი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ ალი ბალაძემ რაიმე სახის დანაშაული ჩაიდინა. საქმეში უამრავი მოწმის ჩვენებაა, რომელთა მიხედვითაც არათუ დასტურდება, არამედ გამოირიცხება ალი ბალაძის მხრიდან რაიმე სახის დანაშაული. ბრალდება დარჩენილია მხოლოდ ორი მოწმის იმედად. ეს მოწმეები თავად ბრალდებულები არიან უმძიმესი მუხლებით, ისინი აღიარებენ დანაშაულს და საპროცესო შეთანხმებას ელოდებიან. ამ ადამიანებს რასაც ეტყვის პროკურატურა, იმას გაიმეორებენ. მათი ჩვენებები არასანდო და არასაფუძვლიანია. ისინი მინიმუმ ოთხჯერ დაკითხეს და ყოველ ჯერზე მათი ჩვენებები ერთმანეთს ეწინააღმდეგება.
ამ საქმეზე გამამართლებელ ვერდიქტს არანაირი ალტერნატივა არ აქვს. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ცრუ მოწმეების მოყვანით ნაფიც მსაჯულებს შეცდომაში შეიყვანს, ძალიან ცდება. მე ვერ წარმომიდგენია, ნაფიც მსაჯულებს შორის არსებობდეს ერთი ადამიანიც კი, რომელიც ამ ორი ადამიანის ჩვენებას გაიზიარებს“, – განაცხადა ალი ბალაძის ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ საქმეს კიდევ ერთი ბრალდებული, მამუკა ბერიძე ჰყავს. ალი ბალაძე წარსულში აჭარის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილეა, რაც შეეხება მამუკა ბერიძეს, ის ყოფილი სპეცრაზმელია. მათ საკუთარი ბრალდების სისხლის სამართლის განხილვა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მონაწილეობით მოითხოვეს, დანარჩენი 10 ბრალდებულის საქმეს კი არსებითად მოსამართლეები განიხილავენ.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული ხელახალი გამოძიებით დადგინდა, რომ 2008 წლის 15 აგვისტოს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსმა ბათუმში მცხოვრები როინ შავაძის ოპერატიულად შესწავლის დავალება მიიღო, რადგან თითქოს არსებობდა ინფორმაცია, რომ იგი უცხო ქვეყნის „სპეცსამსახურებთან“ თანამშრომლობდა.
კუდ-ის სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები, მთავარი სამმართველოს უფროსის ხელმძღვანელობით, ბათუმში მდებარე კაფეში მყოფ როინ შავაძეს თავს დაესხნენ და ავტომატის კონდახების გამოყენებით სასტიკად გაუსწორდნენ.
სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა თავდასხმის შედეგად გონებადაკარგული როინ შავაძე ერთ – ერთი ავტომობილის უკანა სავარძელზე მოათავსეს და შემთხვევის ადგილიდან წაიყვანეს. ს გასასვლელთან მათ დამატებით სპეცდანიშნულების რაზმის სხვა წევრები შეუერთდნენ. აღნიშნულმა პირებმა უმწეო მდგომარეობაში მყოფი როინ შავაძე ავტომანქანიდან გადაიყვანეს, დააყენეს სავალი გზის გადასწვრივ, ქარსაცავი ხეების ზოლის მიმდებარედ და კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებიდან მრავალჯერადი გასროლებით მოახდინეს მისი ლიკვიდაცია. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, როინ შავაძეს სხეულზე დაახლოებით 40 ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა. გამოძიების ინფორმაციითვე, როინ შავაძის უკანონო დაკავებისა და მკვლელობის ფაქტის შესანიღბად, კუდ-ის თანამშრომლებმა ყალბი ვერსია შეიმუშავეს, კერძოდ: შედგა ყალბი დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, სადაც მიეთითა, რომ თითქოსდა როინ შავაძეს დაკავებისას აღმოაჩნდა ნარკოტიკული საშუალება, რაც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს და რეალურად ნარკოტიკული საშუალება დაკავების ადგილზე თავად დაკავების ორგანიზებაში მონაწილე პირებმა მიიტანეს. ამავე ვერსიის თანახმად, ნარკოტიკული დანაშაულისთვის დაკავებულის ეტაპირება უნდა მომხდარიყო თბილისში. მგზავრობის პროცესში, როინ შავაძემ თითქოს ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით მოითხოვა მანქანის გაჩერება, რის შემდგომაც მოახერხა სპეცდანიშნულების რაზმის წევრისთვის იარაღის წართმევა, გასროლა მათი მიმართულებით და გაქცევა, რის საფუძველზეც მას საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს.
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2020 წლის 19 ნოემბერს საქმეზე – „შავაძე საქართველოს წინააღმდეგ“ ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის, კერძოდ – სიცოცხლის უფლების როგორც პროცედურული, ასევე არსებითი ნაწილის დარღვევა დაადგინა.
სასამართლოს შეფასებით, იმჟამინდელი მთავრობის მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ როინ შავაძის სიკვდილი, დაკავებისას მისი გაქცევის აღსაკვეთად საჭირო ძალის გამოყენების შედეგი იყო, არ შეესაბამებოდა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს.
აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, სახელმწიფოს დაეკისრა ვალდებულება საქმეზე ჩაეტარებინა ეფექტიანი გამოძიება.
ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მთავრობას მომჩივნის სასარგებლოდ 40 000 ევროს გადახდა დააკისრა მორალური ზიანის ანაზღაურების სახით.