ანტიკორუფციული ბიუროს საკითხზე „ოცნებას” “ორი მთავარი საკითხის” უგულებელყოფის გამო აკრიტიკებენ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილა. კანონპროექტი ეხება ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული „ცხრა ნაბიჯის” ფარგლებში ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობასთან დაკავშირებულ ცვლილებებს.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადეს, რომ დაგეგმილი ცვლილება ორ ძირითად საკითხს არ ითვალისწინებს.
როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” წარმომადგენელმა სანდრო ქევხიშვილმა განაცხადა, ბიუროს უფროსი უნდა დანიშნოს საქართველოს პარლამენტმა და არა პრემიერ-მინისტრმა. მისი თქმით, ასევე, მნიშვნელოვანია, ანტიკორუფციული ბიუროსთვის მაღალი დონის კორუფციის შემთხვევების გამოძიების უფლებამოსილების გადაცემა, რაც უგულებელყოფილია ინიციირებულ პაკეტში. ქევხიშვილი მიიჩნევს, რომ ეს საკითხები ევროკომისიის დათქმისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებში არის მოცემული; ვენეციის კომისია, ბიუროს უფროსის, მაგალითად, კვალიფიციური უმრავლესობით არჩევის რეკომენდაციას იძლევა.
პასუხად კანონპროექტის მომხსენებელმა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს მიმართა: „ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობა რით გაიზომება? გაიზომება იმით, ვინ წარადგინა, ვინ არის დამნიშვნელი თუ გაიზომება იმით, რა საკანონმდებლო ჩარჩო აქვს დამოუკიდებელი საქმიანობისთვის? თქვენ, ალბათ, იტყვით, რომ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი დამოკიდებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრზე, რაც იქნება არასწორი. ვინაიდან ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი პირის ვადაზე ადრე შეწყვეტის არანაირი საფუძველი არ არსებობს, არავითარი ვალდებულება არ აქვს ანტიკორუფციულის ხელმძღვანელს, ვინმეს მითითება, დავალება შეასრულოს. ის ანგარიშვალდებულია კანონის წინაშე”. ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ დამოუკიდებლობის გაზრდის მიზნით, კანონს ემატება ახალი გარანტიები – ბიუროს ხელმძღვანელის დაკავება, დაპატიმრება და პასუხისგებაში მიცემა მხოლოდ პარლამენტის თანხმობით იყოს შესაძლებელი.
რაც შეეხება ანტიკორუფციული ბიუროსთვის საგამოძიებო უფლებამოსილების მინიჭების საკითხს, ოხანაშვილის განმარტებით, პროკურატურა არის უფლებამოსილი მაღალი თანამდებობის პირებზე გამოძიება აწარმოოს. „რეალურად პროკურატურის უფლებამოსილების გადატანა უნდათ. პროკურატურა არის კონსტიტუციური ორგანო და რატომ მიგაჩნიათ, რომ მისი უფლებამოსილებები უნდა გადაეცეს ბიუროს, რომელსაც ის კონსტიტუციური ლეგიტიმაცია არ აქვს, რაც პროკურატურას”, – თქვა „ქართული ოცნების” დეპუტატმა.
ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობის გასაზრდელად ვენეციის კომისიამ რეკომენდაცია გასცა:
· ბიუროს ხელმძღვანელი დაინიშნოს პარლამენტში მრავალპარტიული მხარდაჭერით, საპარლამენტო კვალიფიციური უმრავლესობით ან სხვა მსგავსი მექანიზმით. ერთ-ერთ გზად შეთავაზებულია ოპოზიციისა და მმართველი პარტიის დეპუტატთა უმრავლესობის მხარდაჭერა. ცვლილება ისე უნდა გატარდეს, რომ გაიზარდოს ბიუროს ხელმძღვანელის ანგარიშვალდებულება პარლამენტთან – მისი დროზე ადრე გათავისუფლება უნდა შეეძლოს პარლამენტს და არა პრემიერს.
27 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” საქართველოს პარლამენტს მოუწოდა, წარმოდგენილი სახით არ დაუჭიროს მხარი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს, მოამზადოს ვენეციის კომისიისა და ევროკომისიის მოთხოვნების შესაბამისი ცვლილებები, რათა ბარიერი არ შეექმნას ევროკავშირთან ინტეგრაციის შემდგომ საფეხურზე გადასვლას.
14 დეკემბერს ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომაზე, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა, ევროკომისიის მიერ 2023 წლის ნოემბერში გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე, მხარი დაუჭირეს ევროკავშირში გასაწევრიანებლად სა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყებას, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ბოსნია და ჰერცეგოვინასთან მოლაპარაკების დაწყებას მას შემდეგ, რაც ეს ქვეყანა შესაბამის კრიტერიუმებს მიაღწევს.
გაწევრიანების საკითხზე საქართველოსთან მოლაპარაკების დასაწყებად, ევროკავშირი „ცხრა ნაბიჯის” შესრულებას მოითხოვს.