რატი ანდრონიკაშვილი მოედანს “ბარსელონასთან” დაუბრუნდა

2-თვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ რატი ანდრონიკაშვილი მოედანს დაუბრუნდა. ესპანური “სარაგოსას” 22 წლის ქართველისთვის წინა მატჩი, რომელიც 6 იანვარს, “გრანადას” წინააღმდეგ ითამაშა, სადებიუტო იყო და სწორედ იმ შეხვედრაში დაშავდა. მას შემდეგ რეაბილიტაციის პროცესი გაიწელა. რატი ეროვნული ნაკრების შეკრებაზეც იმყოფებოდა, მაგრამ მწყობრში არ იყო და ესპანეთში დაბრუნდა.
ანდრონიკაშვილმა 2-თვიანი პაუზის შემდეგ ესპანეთის ჩემპიონატის 23-ე ტურში, “ბარსელონასთან” ითამაშა. შეხვედრა კატალონიაში გაიმართა და “ბარსელონას” იოლი გამარჯვებით – 109:68 დასრულდა. ქართველი უკანახაზელი მოედანზე 7:12 წუთით გამოჩნდა და 2 ქულასთან ერთად 2 პასი მიითვალა. ანდრონიკაშვილმა 2
ორქულიანიდან ერთი ჩააგდო.
9 მოგებითა და 14 მარცხით “სარაგოსა” მე-11 ადგილზეა. მომდევნო ტურში, 9 მარტს, სარაგოსა “გრან კანარიას” სტუმრად დაუპირისპირდება.
GBF