„მდუმარე კომედია საუბრობს იმ ენაზე, რომელიც მსოფლიოში ყველას ესმის“ – ყველაზე პოპულარული ტიკტოკერი ხაბი ლეიმი თითო პოსტით $700 000 გამოიმუშავებს

Instagram Rich List 2023-ის თანახმად, მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ტიკტოკერი ხაბი ლეიმი ინსტაგრამსა და ტიკ-ტოკზე თითო პოსტით $700 000 გამოიმუშავებს.
TikTok-ის სენსაცია ხაბი ლეიმი სოციალური მედიის ნამდვილი ვარსკვლავია მას სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე 240 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, მათ შორის 79 მილიონი Instagram-ზე და 162 მილიონი ტიკტოკზე.
ხაბი ლეიმმა ვიდეოების გამოქვეყნება TikTok-ზე 2020 წელს დაიწყო, მას შემდეგ რაც ტურინის ქარხანაში პანდემიის გამო სამსახური დაკარგა, რადგან წარმოება ფინანსური სირთულეების წინაშე აღმოჩნდა. ახლა ბლოგერი 23 წლისაა, მის პაროდიულ ვიდეოებში, რომელშიც ის პოპულარული „ლაიფ ჰაკების“ მითის დანგრევას ცდილობს, სიტყვები არაა.
„ჩემი ვიდეოების ყველაზე სასაცილო ნაწილი სიჩუმეა. მდუმარე კომედია საუბრობს იმ ენაზე, რომელიც მსოფლიოში ყველას ესმის“ – აცხადებს ის.
ლეიმი დაიბადა 2000 წლის 9 მარტს სენეგალში, ერთი წლის ასაკში გადავიდა საცხოვრებლად იტალიაში, სადაც 21 წლიანი ცხოვრების შემდეგ, იტალიის მოქალაქეობაც მიიღო.

2023 წლის ზაფხულის მდგომარეობით, ხაბი ლეიმის ქონება 13 მილიონ დოლარად იყო შეფასებული.