სასტიკი მკვლელობა გენდერის ნიშნით – ცინდელიანს უვადო პატიმრობა ემუქრება

22 წლის გოგოს მკვლელობისთვის დაკავებულს ოთო ცინდელიანს პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად წარუდგინა. უწყება ცინდელიანს გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავება.
უწყების ცნობით, ცინდელიანმა 22 წლის გოგოს მრავლობითი დაზიანებები ცივი იარაღით მიაყენა, რის შედეგადაც ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
მას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 28 თებერვალს, თბილისში, ბრალდებულმა მეგობარ ქალს დანით სხეულზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.” ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში,” – წერია უწყების განცხადებაში.