“ცალკეული მეთაურების მოქმედებაში გარკვეული ხარვეზები გამოვლინდა” – გენერალი სირსკი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ოლექსანდრ სირსკი აცხადებს, რომ „ვითარების ფლობისა და მოწინააღმდეგის შეფასების“ მხრივ გარკვეული ხარვეზები გამოვლინდა ცალკეული მეთაურების მოქმედებაში, რამაც უშუალო გავლენა მოახდინა რიგ მიმართულებაზე თავდაცვის მდგრადობაზე.
„ადგილზე სიტუაციის გამოსასწორებლად მივიღე ყველა ზომა, როგორც საბრძოლო მასალებითა და მატერიალური საშუალებებით, ისე საჭირო რეზერვებით უზრუნველყოფის მხრივ”, – განაცხადა სირსკიმ ოპერატიული ტაქტიკური ჯგუფის „დონეცკში“ შემავალი იმ დანაყოფების შემოწმების შემდეგ, რომლებიც ავდეევკის მიმართულებით თავდაცვაში იმყოფებიან.
უკრაინის სარდლობის თანახმად, სიტუაცია განსაკუთრებით დაძაბულია ავდეევკისა და ზაპორიჟიის მიმართულებით, სადაც ს მოიერიშე ნაწილები ცდილობენ გაარღვიონ უკრაინის ჯარების თავდაცვა და ხელთ იგდონ დასახლებული პუნქტები ტონენკოე, ორლოვკა, სემენოვკა, ბერდიჩი და კრასნოგოროვკა.

“სასტიკი ბრძოლა გრძელდება ვერბოვოესა და რობოტინოს რაიონებში, რომლებზეც მტერი ცდილობს კონტროლის აღდგენას”, – დასძინა სირსკიმ.
17 თებერვალს უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოთხთვიანი წინააღმდეგობის შემდეგ, დონეცკის ოლქის ქალაქი ავდეევკა დატოვეს.
მომდევნო დღეებში რუსეთის მასირებული სახმელეთო, საარტილერიო და საავიაციო იერშიების შედეგად უკრაინის ჯარებმა ავდევკასთან მდებარე რამდენიმე სოფელი-ლასტოჩკინო, სტეპნოე და სევერნოე დატოვეს
უკრაინის და დასავლეთის სამხედრო წრეების წარმომადგენელთა შეფასებით, მოკავშირეებისგან სამხედრო დახმარების, კერძოდ, საარტილერიო საბრძოლო მასალების და საჰაერო თავდაცვის საშუალებების მიწოდების შეფერხების გამო უკრაინელმა სამხედროებმა ვეღარ შეძლეს ავდეევკის დაცვის გაგრძელება..

ასევე დაგაინტერესებთ