აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა, დავით ფაცაციამ საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩთან მატუშ ბუსოვსკისთან ერთად, ქუთაისში მდებარე აფხაზეთის ჟიული შარტავას სახელობის №6 სკოლის გარე სპორტული მოედანი დაათვალიერა, რომელიც სლოვაკეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, სლოვაკეთის განვითარების სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი საგრანტო პროექტის ფარგლებში რეაბილიტირდა.
აფხაზეთის მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, დავით ფაცაციამ სკოლის მასწავლებლებს მათთვის საჭირო, ექიმის დანიშნულების შესაბამისი სათვალეები გადასცა. ხოლო, სკოლის მოსწავლეებმა მინი-სპექტაკლი წარადგინეს.
„განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა სლოვაკეთის საელჩოს ბავშვებისთვის სპორტული მოედნის რეაბილიტირების ხელშეწყობისა და აფხაზეთის მოსახლეობისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებაში მხარდაჭერისთვის.
პოზიტიური იყო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა, რომლებიც მინი-სპექტაკლით გვიმასპინძლეს. მინდა მათ მივმართო და ვუთხრა, რომ მეამაყებით და მჯერა, რომ ამ რეალობაში თქვენი შესაძლებლობა იქნება განუზომლად მნიშვნელოვანი და სწორედ თქვენ ხართ ის თაობა, რომელსაც შეხება არ ჰქონია კონფლიქტთან, თქვენ ხართ ყველაზე ლაღები, თავისუფლები და უნდა აგრძნობინოთ ჩვენი ოჯახის წევრებს – აფხაზებს ეს თავისუფლება“, – განაცხადა დავით ფაცაციამ.