უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში ჩერნიგოვის, სუმის, ხარკოვის, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს, ხერსონისა და ნიკოლაევის რაიონებში 150-ზე მეტი დასახლება დაიბომბა.
გენშტაბის მონაცემებით, რუსებმა უკრაინაში 5 სარაკეტო და 76 საჰაერო დარტყმა განახორციელეს და 50 შეტევა მიიტანეს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან უკრაინის ჯარების პოზიციებსა და დასახლებულ პუნქტებზე.
„ბოლო 24 საათის განმავლობაში 71 სამხედრო შეტაკება მოხდა. რუსეთის ტერაქტების შედეგად, სამწუხაროდ, არის დაღუპული და დაშავებული მშვიდობიანი მოსახლეობა. განადგურდა და დაზიანდა კერძო საცხოვრებელი შენობები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა“, – ნათქვამია გენერალური შტაბის განცხადებაში.
ამავე ცნობით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 15 რუსული უპილოტო თვითმფრინავი გაანადგურეს.
კიევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, კვირას ღამით უკრაინის დედაქალაქში საჰაერო თავდასხმის გაფრთხილება რამდენჯერმე გამოცხადდა. წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი და დაშავებული არ არის.
ადგილობრივი ადმინისტრაციის ცნობით, ღამით და დილით რუსებმა ნაღმტყორცნებითა და ქვემეხებით დაბომბეს სუმის რაიონის ოთხი უბანი.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს სასაზღვრო და ფრონტისპირა დასახლებებს ხარკოვის, ჩუგუევსკის და კუპიანსკის რაიონებში. დაბომბვას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ერთი რუსული დრონი ჩამოაგდეს ჩერკასის რეგიონში.
რუსეთის ჯარებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში ხერსონის რეგიონში 389 ჭურვი ისროლეს, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაშავდა – განაცხადა ადგილობრივი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრ პროკუდინმა. მისი თქმით, ჭურვები რეგიონის რამდენიმე დასახლების საცხოვრებელ უბანს და სასოფლო-სამეურნეო საწარმოს ტერიტორიას მოხვდა.