თურქეთი ღაზაში გენოციდის საკითხზე შესაბამის ინსტანციებს სარჩელით მიმართავს – ერდოღანი

თურქეთი ღაზის სექტორში გენოციდთან დაკავშირებით შესაბამის ინსტანციებში სარჩელს წარადგენს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთის ეროვნული სტუდენტური კავშირის 62-ე გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას თურქული სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს.
„ორი ათასზე მეტ ადვოკატთან ერთად, ჩვენ მივმართავთ შესაბამის ინსტანციებს გენოციდის შესახებ სარჩელით. თვალს მივადევნებთ პროცესს, არ მივატოვებთ მას შუა გზაზე. საფასური უნდა იქნეს გადახდილი“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ს დანაშაული საერთაშორისო დონეზე უნდა იქნეს გამოძიებული, მჩაგვრელებს კი, დამსახურებული სასჯელი უნდა დაეკისროთ.
ერდოღანმა გერმანიაში თავისი ვიზიტის შესახებაც ისაუბრა და ბერლინს პალესტინელი ტყვეების გათავისუფლებაში დახმარების გაწევისკენ მოუწოდა.
თურქეთის ლიდერის თქმით, ისრაელის ხელში დაახლოებით 10 ათასი მძევალია. „გერმანია, გადადგი ნაბიჯი მათი ექსტრადაციისთვის და ჩვენ ძალისხმევას მივმართავთ მათ გასათავისუფლებლად, ვინც ჰამასის ხელშია“, – განაცხადა ერდოღანმა.
პრეზიდენტმა ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ მას შემდეგ რაც თურქეთი გაძლიერდა და იცავს თავის ინტერესებს ყველა მიმართულებით, მის მიმართ მტრობის დონე გაიზარდა.