უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა

უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა
უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.
ამავე ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ფინანსური დანაშაულებისთვის ძებნილმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ, მის ხელთ არსებული დაუსაბუთებელი და არალეგალური ფულადი თანხებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, საქართველოში არსებულ ერთ-ერთ საბანკო დაწესებულებაში გახსნილ პირად ანგარიშებზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა განათავსა.
ბრალდებული თანხების წარმომავლობასთან დაკავშირებით, ბანკს უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ ყალბ ხელშეკრულებებს აწვდიდა, თითქოსდა საზღვარგარეთ მის საკუთრებაში არსებული რამდენიმე უძრავი ქონების გასხვისება მოახდინა, ხოლო ნასყიდობის საფასური ნაღდი ანგარიშსწორებით ბათუმში მიიღო.
აღნიშნული გზით, ბრალდებულმა საბანკო დაწესებულებაში არსებულ მის პირად ანგარიშებზე 7 000 000 ლარზე მეტი თანხა განათავსა.
გამოძიების ეტაპზე ყადაღა დაედო ბრალდებულის საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ, არალეგალური წარმომავლობის თანხას, რითაც არ მიეცა მისი განკარგვის შესაძლებლობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულს სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა საბანკო ანგარიშებზე განთავსებული დაუსაბუთებელი წარმომავლობის ფულადი თანხა 7 200 000 ლარის ოდენობით.

ასევე დაგაინტერესებთ

„მივიღეთ გადაწყვეტილება, მერაბ დვალიშვილზე, ისევე, როგორც ილია თოფურიაზე, რომელმაც საქართველოს UFC-ის ჩემპიონის პირველი ტიტული მოუტანა, გავცეთ ფულადი ჯილდო თითოეულზე მილიონი ლარის ოდენობით“