2019 წელს, $48 მილიონის ინვესტიციით, თბილისში ხუთ ვარსკვლავიანი ამერიკული ბრენდის სასტუმრო “უინდემ გრანდ თბილისი“ გაიხსნა, რომელიც 158 სხვადასხვა ტიპის ნომერს, საკონფერენციო და წვეულებების დარბაზს, სპა გამაჯანსაღებელ ცენტრს, სავარჯიშო დარბაზს და გამორჩეულ სამზარეულოს აერთიანებს.
სასტუმროში განთავსების ღირებულება $120-იდან იწყება და $2500 ფარგლებში მერყეობს.
სასტუმრო “უინდემ გრანდ თბილისის” გენერალური მენეჯერი მედეა კობახიძე გადაცემა „ქალების ნარატივში“ 2023 წლის შედეგებზე საუბრობს და როგორც აღნიშნავს, პანდემიის შემდგომ ყველა წელი სასტუმროსთვის ზრდით გამოირჩევა.
მისივე თქმით, პოზიტიური ტენდენციების მიუხედავად, რეგიონში არსებული ვითარება, ამასთან ისრაელში საომარი მოქმედებები სასტუმროს დატვირთულობაზე გავლენას ახდენს.
„პანდემიის შემდგომ ყოველი წელი ერთმანეთზე უკეთესი იყო. 2022 წელი გამორჩეულად კარგი იყო, 2023 წელსაც ღამეების რაოდენობამ იმატა შესაბამისად, ტურისტების რაოდენობაც მეტი იყო. ფასებიც 2023-ში პოზიტიურად გავზარდეთ, თუმცა რეგიონში არსებულმა მდგომარეობამ, მათ შორის ისრაელში არსებულმა საომარმა ვითარებამ, ჩვენს ბიზნესზეც მოახდინა გავლენა. გავლენა იქონია დოლარის გაცვლითმა კურსმაც, ფასები დოლარში გასულ წლებთან შედარებით მაღალი იყო, თუმცა შემოსავალი ლარში შედარებით ნაკლები დაფიქსირდა“ – აღნიშნავს ის.
“უინდემ გრანდ თბილისის” გენერალური მენეჯერი ამბობს, რომ სასტუმროს სტუმრებს შორის ისრაელის დამსვენებელი ჭარბობს. მისივე განმარტებით, საომარი ვითარების გამო, ამ ქვეყნის სტუმრებმა იკლეს, თუმცა ბოლო კვირების განმავლობაში პოზიტიური ტენდენციებიც შეინიშნება.
„ჩვენი სტუმრების სტატისტიკაში ლიდერობენ ისრაელის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ამერიკის, რუსეთის, საუდის არაბეთის, ინდოეთის, დანიის, გერმანიისა და ინგლისის მოქალაქეები. ეს სტატისტიკა წლების განმავლობაში ნარჩუნდება.
პირველ ადგილზე ისრაელის მოქალაქეები არიან, თუმცა ისრაელში არსებული ომის გავლენით, მათმა რაოდენობამ იკლო. ვცდილობთ ისინი ინდოელი და ჩინელი დამსვენებლით ჩავანაცვლოთ. აღსანიშნავია ისიც, რომ ისრაელთან დაკავშირებით ბოლო კვირების განმავლობაში პოზიტიური ცვლილებებია. ტურისტულად – არა, თუმცა საქმიანი ვიზიტებით ისინი იწყებენ მიმოსვლას“ – აღნიშნავს “უინდემ გრანდ თბილისის” გენერალური მენეჯერი.
კითხვაზე, რომელი ქვეყნის დამსვენებელია სასტუმროსთვის ერთ-ერთი სასურველი, მათ შორის, მოგების კუთხით, მედეა კობახიძე პასუხობს, რომ ამერიკის და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები.
„ზოგადად ტურისტები ცდილობენ სასტუმროში ღამე გაათიონ, ისაუზმონ და შემდეგ გავიდნენ. ამერიკელი და ინგლისელი ტურისტები არიან ისინი ვინც ცდილობენ სასტუმროში ივახშმონ, ბარით სარგებლობენ და სასტუმროსგან სრული სერვისი