დასხდებიან არასამთავრობოები თავის მაღალი „საზოგადოებრივი ნდობით“ და დაიწყებენ მოსამართლეების ბულინგს – თუ დამჯერი იქნები, მწვანეს აგინებთ, თუ არა – წითელი აგენთება, ეს არის მარტივად მათი „ვეტინგი“. მოიფიქრეს ეს უცხოური სიტყვა და უნდათ მოსახლეობას მიყიდონ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილი აცხადებს, რომ საქართველოს სასამართლოს თვით ავტონომიური მმართველობის ძალიან მაღალი სტანდარტი აქვს და ასეთი არავის გააჩნია.
„მუდმივ სპეკულაციას ვხედავთ ოპოზიციის მხრიდან, მათი მიზანია სასამართლო ხელისუფლება ისევ პოლიტიკური წნეხის ქვეშ მოაქციონ. ადრე ამას ერთპიროვნულად აკეთებდა სააკაშვილი ადეიშვილის ხელმძღვანელობით. დღეს ეს შესაძლებლობები წართმეული აქვთ, ამიტომ მოიფიქრეს „ვეტინგის“ საკითხი. ვინ უნდა იყოს მოსამართლის შემფასებელი?! მოსამართლე არის სახელმწიფოში ყველაზე მაღალი შემფასებელი, კანონით აქვს უფლება ადამიანი მსჯავრდებულად ცნოს ან გაამართლოს და მისი შემფასებელი უნდა გახდეს ვინმე, რომელსაც არანაირი ლეგიტიმაცია არ გააჩნია საკანონმდებლო. თვითონ ის ადამიანი ვის წარმოადგენს, რა კვალიფიკაცია აქვს და რა კეთილსინდისიერების მატარებელია, ამას ვინ ადგენს?! ჩვენ დღეს გვაქვს სასამართლო სისტემის თვითავტონომიური მმართველობის ძალიან მაღალი სტანდარტი შემუშავებული, ასეთი კარგი სტანდარტი არავის გააჩნია. კანონზე ვერაფერს ამბობენ, მარტივად ვეუბნებით ხოლმე, თუ სადმე უკეთესი კანონია დედამიწაზე დაწერილი, მოგვიტანეთ – ვერ მოაქვთ. მიზანი კი უცვლელი აქვთ, რომ სასამართლო გაკონტროლდეს და ამიტომ მოიფიქრეს ახლა ეს. დასხდებიან არასამთავრობოები თავის მაღალი „საზოგადოებრივი ნდობით“ და დაიწყებენ მოსამართლეების ბულინგს, თუ დამჯერი იქნები მწვანეს აგინებთ, თუ არ იქნები, წითელი აგენთება. ეს არის მარტივად მათი „ვეტინგი“. მოიფიქრეს ახლა ეს უცხოური სიტყვა და უნდათ მოსახლეობას მიყიდონ რაღაც ახალი ისტორია. ეს ძველი ისტორიაა, თუ როგორ გააკონტროლონ და პოლიტიკური წნეხის ქვეშ მოაქციონ სასამართლო”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.