აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ჯემალ გამახარიას შეფასებით, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტში „უცხოური აგენტების შესახებ“ შესული კანონპროექტი რუსული კანონის ზუსტი ანალოგია.
როგორც გამახარიამ „კვირის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ე.წ. კანონპროექტი აფხაზეთსა და რუსეთს შორის საერთო სოციალურ -ეკონომიკური სივრცის ჩამოყალიბების 45-პუნქტიანი ე.წ პროგრამის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს რუსულ სამართლებრივ სივრცეში აფხაზეთის თავიდან ბოლომდე მოქცევას.
„მინდა გაგახსენოთ 2020 წლის 12 ნოემბერს მიღებული ე.წ. პროგრამა, 45 პუნქტისგან შემდგარი, რომელსაც ჰქვია აფხაზეთსა და რუსეთს შორის საერთო სოციალურ -ეკონომიკური სივრცის ჩამოყალიბება აფხაზეთის კანონმდებლობის რუსეთის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის გზით.
ამ პროგრამის 37-ე პუნქტი ითვალისწინებს აფხაზეთის კანონმდებლობის რუსეთის იმ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას, რომელიც არეგულირებს არაკომერციული ორგანიზაციებისა და უცხო ქვეყნის აგენტების საქმიანობას.
ეს პუნქტი უნდა შესრულებულიყო 2021 წელს, ახლა უკვე 2024 წელია და დღემდე ბოლომდე არ არის ეს მიყვანილი და ეს არის აფხაზური საზოგადოების წინააღმდეგობის შედეგი. მაგრამ ბოლო წლების განმავლობაში, აფხაზეთში მიმდინარეობდა ძალიან ძლიერი კამპანია აფხაზური არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ და განსაკუთრებით უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც საქმიანობენ აფხაზეთში. მიმდინარე წლის 7 თებერვალს ასლან ბჟანიამ პარლამენტში შეიტანა კანონპროექტი არაკომერციული ორგანიზაციებისა და უცხო ქვეყნის აგენტების საქმიანობასთან დაკავშირებით. 8 თებერვალს ის მიემგზავრებოდა მოსკოვში და ჰქონდა შეხვედრა ლავროვთან. ჩვენ ვიცით რუსეთის ხელწერა და ის თუ როგორ ახდენს ზემოქმედებას აფხაზურ საზოგადოებაზე, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებაზე. 8 თებერვალს არავინ მიიღებდა ბჟანიას მოსკოვში, მას რომ არ შეეტანა დე ფაქტო პარლამენტში ეს ე.წ. კანონი. აფხაზური ე.წ. კანონპროექტი და რუსული კანონი 90-95% ერთი და იგივეა.
რუსული კანონი ითვალისწინებს მთელ რიგ შეზღუდვებს, რომელიც სიტყვა სიტყვით არის გამეორებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტში შეტანილ ე.წ. კანონპროექტში. უბრალოდ, სტრუქტურა არის განსხვავებული, რომ არ შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ ამ კანონის პირდაპირი თარგმანი მოხდა. განსაკუთრებით ეს ეხება ამ კანონპროექტის მეჩვიდმეტე პუნქტს, რომელიც ითვალისწინებს შეზღუდვებს იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც წარმოადგენენ უცხო ქვეყნის აგენტებს და უცხო ქვეყნის აგენტებს წარმოადგენენ ის ორგანიზაციები და ის პირები, ამ რუსული კანონით და აფხაზური კანონპროექტით, რომლებიც საზღვარგარეთიდან ფინანსდებიან ანუ ამ კანონით აკრძალულია ყველაფერი ის, რითაც უნდა იყოს და არის დღემდე დაკავებული არასამთავრობო ორგანიზაცია.
ისინი აცხადებენ, რომ ყველაფერი ამის მიზანი არის ის, რომ უცხოელმა სპონსორებმა შეწყვიტონ აფხაზეთში არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება. ფაქტობრივად, ეს ნიშნავს არასამთავრობო ორგანიზაციების ფუნქციონირების შეწყვეტას. ეს არის აფხაზეთში არსებული მინიმალური დემოკრატიული ინსტიტუტების შეზღუდვა და ფაქტობრივად ისეთი ვითარების შექმნა, როგორიც რუსეთშია შექმნილი. აფხაზური საზოგადოების შიგნით მეტ-ნაკლები დემოკრატია არსებობს, მაგრამ რუსებს უნდათ, რომ ეს პროცესები თვითონ აკონტროლონ. აფხაზეთის ანექსიის პროცესი გრძელდება, ეს არის რუსეთის ანექსიონისტური პოლიტიკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. საბოლოო ჯამში, რუსეთს უნდა ამ 45-პუნქტიანი პროგრამის შესრულებით, აფხაზეთი თავიდან ბოლომდე რუსულ სამართლებრივ სივრცეში მოაქციოს. დე ფაქტო ის ანექსირებული ჰყავს და დე იურედაც მოახდინოს მისი ანექსირება“, – განაცხადა გამახარიამ.