“არ შეიძლება ყველაფერი მწვრთნელს დავაბრალოთ, კაცმა დაგაყენა „ალმერესთან“ 10 ნომერზე, მთელი პირველი ტაიმი კარში არ დაურტყამს, მწვავე პასი არ გაუკეთებია…” – ლევან სალუქვაძემ გიორგი მიქაუტაძეზე ისაუბრა
სპორტულმა ჟურნალისტმა და ტელეკომენტატორმა ლევან სალუქვაძემ გადაცემაში “ბურთი და მოედანი” საქართველოს ნაკრების ფორვარდის გიორგი მიქაუტაძის შესახებ ისაუბრა. სალუქვაძის თქმით, თუ მიქაუტაძეს “აიაქსში” მეტი სათამაშო დროის მიღება სურს, ამისთვის უფრო მეტად უნდა დაიხარჯოს.
ძალიან გამიხარდა მიქაუტაძე “აიაქსში” რომ გადავიდა, არავითარი შიში არ დამეუფლა, რადგან ვფიქრობ, რომ ერედივიზონი ქართველი ფეხბურთელისთვის ყველაზე კარგი ადგილია.
იცით რა, არ შეიძლება ყველაფერი მწვრთნელს დავაბრალოთ, წლებია ამ ჩემპიონატის რეპორტაჟები მიმყავს, კაცმა დაგაყენა “ალმერესთან” 10 ნომერზე გათამაშებს, გასაგებია, რომ შეიძლება შენ გინდა პირდაპირ ცენტრფორვარდის პოზიციაზე ითამაშო, მაგრამ “ალმერესთან”
10 ნომერზე რომ დაგაყენებენ… მე რომ “აიაქსის” მაისური ჩამაცვან “ალმერესთან”, მეც მომინდება, რომ ერთი-ორი კაცი მოვატყუო, რადგან “აიაქსის” მაისური მომცემს რაღაც სტიმულს.
მთელი პირველი ტაიმი ისე გაატარო მოედანზე, რომ არც ერთხელ კარში არ დაარტყა, არც ერთი მწვავე პასი არ გააკეთო, არავინ არ მოატყუო, სირბილით არ გადარიო ფანები… თამაში როცა გაჩერებულია, მაშინაც კი უნდა ირბინო, რადგან თქვან, რომ ვიღაც “ფორესტ გამპი” მოვიდაო.
არაფერი თუ არ გააკეთე 45 წუთში “ალმერესთან” “აიაქსის” მაისურით და შეგცვალა მერე აღარ უნდა გქონდეს პრეტენზია, რომ იცი მე იქ უნდა დამაყენო, რომ მთელმა “აიაქსმა” ჩემზე ითამაშოს… ამ პირობებით იბრაჰიმოვიჩი ხომ არ ხარ? სანამ ჯერ მიქაუტაძე ხარ, ვიმეორებ, ამას ცუდი გაგებით არ ვამბობ, ჯერ არ არის შენი ხასიათი ჩასართავი”, – განაცხადა სალუქვაძემ.