საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, საქართველოს საგარეო პოლიტიკის თანხვედრის ხარისხი ევროკავშრის საგარეო პოლიტიკასთან დაბალია.
მისი თქმით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ყველა ქვეყანას საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების თანხვედრის 100%-თან მიახლოვებული მაჩვენებელი უნდა ჰქონდეს.
“ახლა თანხვედრის ხარისხი დაბალია, განსაკუთრებით სხვა ქვეყნებთან შედარებით. ჩვენ საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ვმუშაობთ იმაზე, რომ ეს მაჩვენებელი გაიზარდოს. როდესაც დადგება მომენტი, როცა საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდება, მისი საგარეო პოლიტიკა იყოს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის იდენტური. სამწუხაროდ, ამ მომენტისთვის, თანხვედრის ხარისხი არის დაბალი. პოზიტიური ისაა, რომ ის ღრმავდება, მაგრამ მაინც დაბალია. საქართველოს აქვს გრძელი გზა გასავლელი, რომ ჰქონდეს ზუსტად ისეთივე პოზიცია საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების პოლიტიკის კუთხით. ჩვენ ველით, რომ ყველა კანდიდატ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან 100%-იანი თანხვედრა ექნება”, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა დაამატა, რომ ამ მხრივ წარმატების მისაღწევად უცხოურ დეზინფორმაციასთან, განსაკუთრებით რომლის სამიზნე დასავლეთია, ბრძოლა მნიშვნელოვანი ასპექტია.