მოდელს, რომელიც უცხოელების ჩარევას ითვალისწინებს, მხარს არ დავუჭერთ – გახარია სასამართლო რეფორმაზე

ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია სასამართლო სისტემის რეფორმირებაზე საუბრისას აცხადებს, რომ არცერთ მოდელს, რომელიც საქართველოს მმართველობაში უცხოელების ჩარევას ითვალისწინებს, მისი გუნდი მხარს არ დაუჭერს.
ამის შესახებ მან თეონა გეგელიასთან ინტერვიუში განაცხადა. გეგელიამ მას ჰკითხა, რა გეგმა აქვთ სასამართლო სისტემის რეფორმირებასთან დაკავშირებით, როცა არასამთავრობოთა მიერ წარმოდგენილ პროექტში რეფორმა უცხოელების მონაწილეობით უნდა განხორციელდეს.
„არცერთ მოდელს, რომელიც არაკონსტიტუციურია ან რაიმე სახით საქართველოს მმართველობაში უცხოელების ჩარევას ითვალისწინებს, ჩვენ მხარს არ დავუჭერთ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქვეყანას აქვს შესაბამისი რესურსი, როგორც ადამიანური, ასევე ექსპერტული, რომ მსგავსი სისტემური რეფორმები თავად განახორციელოს. ეს სახელმწიფოს სუვერენული უფლება კი არა ვალდებულებაა.
მიუხედავად იმ მძიმე მდგომარეობისა, რომელიც ჩვენ გვაქვს, სასამართლო სისტემაში ჯერ კიდევ მოიძებნებიან კეთილსინდისიერი, მაღალი კვალიფიკაციის იურისტები, რომლებსაც შეუძლიათ ამ პროცესში მონაწილეობა მიიღონ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
როგორც გახარია ამბობს, „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ერთად მოკლეს ბოლო შესაძლებლობა იმისთვის, რომ სასამართლო სისტემა შიგნიდან გაჯანსაღებულიყო.
„როგორ შეიძლება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ინიცირებულ რაღაც ფორმის რეფორმას ჩვენ მხარი დავუჭიროთ? იმ პარტიის, რომელიც არის ავტორი ამ მახინჯი სისტემის. დავანებოთ თავი ავტორობას, მაშინ, როცა გაიხსნა შესაძლებლობა, რომ რაღაცნაირად მაინც გაუმჯობესებულიყო ეს სისტემა, სწორედ ამ პარტიის წარმომადგენლებმა „ოცნებას“ დაუჭირეს მხარი იმისთვის, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრები გაეყვანათ.
ფაქტობრივად, ამით ბოლო კარი დახურეს იმისთვის, რომ რადიკალური ნაბიჯების გარეშე დაწყებულიყო ამ სისტემის გაჯანსაღება. სისტემას თვითგაჯანსაღების ყველანაირი შესაძლებლობა მოუკლეს იმ იუსტიციის საბჭოს დამტკიცებით, რომელიც ერთად დაამტკიცეს, ეს ხომ მარტო „ოცნებას“ არ გაუკეთებია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
გახარიას თქმით, „ ქართულ ოცნებას“ არ სჯერა დამოუკიდებელი სასამართლოსი, როგორც დემოკრატიული სისტემის დამოუკიდებელი შტოსი.
„ოცნება“ მიიჩნევს, რომ დამოუკიდებელი სასამართლო ბუნებაში არ არსებობს, მათ შორის არც დემოკრატიულ სისტემებში. აქედან გამომდინარე, ბუნებრივად, „ოცნება“ მიიჩნევს, რომ თუ დამოუკიდებელი სასამართლო არ არსებობს, ე.ი. სასამართლო სისტემას მაინც ვიღაც გააკონტროლებს და მოდი, მე გავაკონტროლებ, სხვას რატომ უნდა გავაკონტროლებინო. აქედან მომდინარეობს „ოცნების“ მუდმივი შიშები და საოცარი თეზები, რომ სასამართლოში „ნაცები“ არიან ჩანერგილები. თუ „ნაცები“ არიან ჩანერგილები, მთელი ხელისუფლება შენს ხელშია და ვერ გაგითავისუფლებია და გაგიჯანსაღებია [სასამართლო სისტემა], მაშინ წადი სახლში“, – განაცხადა გახარიამ.
ამასთან, გახარიას თქმით, იმ ადამიანების გაშვება სასამართლო სისტემიდან, რომელიც გავლენიან ჯგუფს წარმოადგენენ, აუცილებელია.
„ეს არის პირველი ნაბიჯი, საიდანაც ყველაფერი უნდა დაიწყოს. ეს დღესაც შესაძლებელია მარტივად – ეს ადამიანები, ვისზეც არის საუბარი, სანქცირებულები არიან კორუფციაში ბრალდებით. ეს საკმარისზე მეტი საფუძველია ნებისმიერი ხელისუფლებისთვის და პროკურატურისთვის, რომ დაიწყოს შესაბამისი ქმედებები, რათა ამ ადამიანებისგან გაასუფთაოს სასამართლო სისტემა.
არ შეიძლება ამ ადამიანების ცოდვები გადავანაწილოთ იმ კეთილსინდისიერ მოსამართლეებზე, რომლებიც სისტემაში კიდევ არიან დარჩენილები და ისინი ყველა გავატაროთ იმ წმენდის, გამოცდების და ტესტირებების [ქვეშ], რასაც შეიძლება ბევრი მათგანი არ იმსახურებდეს. მაშინ, როცა ამ გავლენის ჯგუფებზე პირდაპირ გვაქვს შესაძლებლობა, რადგან ეს ხალხი სანქცირებულია კორუფციაში ბრალდებით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში, რომელიც საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხს ეხება, სასამართლო სისტემაზე ახალი რეკომენდაცია გაჩნდა.
ევროკომისია საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ერთი წლის ვადაში მართლმსაჯულების სისტემაში დანერგოს საკვანძო თანამდებობებზე დანიშნული პირების ხელახალი შეფასების ექსტრაორდინარული მექანიზმი, რომელშიც გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება საერთაშორისო ექსპერტებით დაკომპლექტებულ კომისიას ექნება.
მიუხედავად იმისა, რომ ევროკომისია ტერმინ „ვეტინგს“ არ იყენებს, იურისტების შეფასებით, ეს ჩანაწერი, ფაქტობრივად, ხელისუფლებას სწორედ ამისაკენ მოუწოდებს, რაც მოსამართლეთა კეთილსინდისიერების გადამოწმებას და ხელახლა შეფასებას გულისხმობს, მათ შორის მათი ფინანსების გამოაშკარავებით, შესაძლო ნეპოტისტური კავშირების შემოწმებით და სხვა. იურისტების განმარტებით, „ვეტინგი“ მოსამართლეთა მთელს კორპუსს არ ეხება და მათი წმენდისთვის არ არის გამიზნული.
ქვეყნებს შორის, რომლებმაც აღნიშნულ მეთოდს მიმართეს „ვენეციის კომისიის“ რეკომენდაციით, , მოლდოვა და ალბანეთია.
თუმცა „ქართული ოცნება“ უარს ამბობს დანერგოს მექანიზმი, რომელიც სასამართლო სისტემაში მნიშვნელოვანი თანამდებობის მქონე მოსამართლეების კეთილსინდისიერების ხელახლა შეფასებას ითვალისწინებს.
მმართველ პარტიაში ცდილობენ ე.წ. ვეტინგი ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივად წარმოაჩინონ, თუმცა იმ ყველაფერს რაც ამ ინსტრუმენტის უკან დგას, საქართველოსაგან სინამდვილეში ევროკომისია ითხოვს.
“ოცნების” კიდევ ერთი არგუმენტი სუვერენიტეტს ეხება, რასაც მისი ოპონენტები და არასამთავრობოები არ იზიარებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – გამოდიან მოლაპარაკებაზე ივანიშვილისგან, რომ კობახიძე და დღევანდელი მთავრობა გაქრება პოლიტიკური სპექტრიდან, თუ ოპოზიცია თანახმა იქნება, დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან – ეს სიგნალი ქვეყნის ფარგლებში არ ყოფილა

მამუკა ხაზარაძე ახალი არჩევნების მისაღწევად 5-პუნქტიან გეგმას ასახელებს, მათ შორის არის ოპოზიციის მხრიდან არჩეული პარლამენტის წევრების მიერ “სახალხო პარლამენტის” ფორმირება და თავმჯდომარედ პრეზიდენტის მოწვევა