შოტლანდიური მედია საქართველოსა და შოტლანდიას შორის ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს (2:2) გამოეხმაურა.
The Scotsman-ი აღნიშნავს, რომ მათ ნაკრებს ხვიჩა კვარაცხელიას მსგავსი ფეხბურთელი ძალიან გამოადგებოდა.
“ქართველმა ფეხბურთელმა აჩვენა ის, რაც სტივ კლარკის გუნდს მომავალი ზაფხულისთვის ჰაერივით სჭირდება. სამწუხაროა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ბებია ან ბაბუა დანუნიდან (შოტლანდიური ქალაქი), ან რომელიმე ჩვენი სხვა რეგიონიდან.
რამდენად გასაკვირადაც არ უნდა ჟღერდეს, კვარაცხელიამ 22 წლის ასაკში საკუთარ ნაკრებში უკვე 27 მატჩი ჩაატარა, “ნაპოლის” გარემარბმა შოტლანდიასთან მატჩში დუბლი შეასრულა და ყველას დაუმტკიცა, რომ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე
თვალსაჩინო ტალანტია.
ალბათ, შოტლანდია არაფერს დაიშურებდა, რომ მომავალ ზაფხულს მისი თვითმფრინავით გერმანიაში წაყვანა შეეძლოს, სწორედ კვარაცხელიაა ის, ვინც სტივ კლარკის გუნდს ასე ძალიან აკლია, სამწუხაროდ, ეს ბოლო თამაშმაც დაადასტურა. ხვიჩა გაცილებით მაღალი დონის ფეხბურთელია, ვიდრე ჰარვი ბარნსი, არც ეს უკანასკნელია ცუდი მოთამაშე, თუმცა “ქართველი მაესტროსგან” განსხვავებით, მას ფეთქებადი ძალა აკლია. ზოგადად, ევროპაში კვარაცხელიას მსგავსი მოთამაშეები ძალიან ცოტანი არიან.
შოტლანდიასთან მატჩში კვარაცხელია დაცვითი ფუნქციებისგან გათავისუფლებული იყო, მან ჩვენთვის პრობლემების შექმნა პირველივე წუთებიდან დაიწყო, თუმცა შოტლანდიამ გაძლო. მაკტომინეიმ დიდი მსხვერპლი გაიღო, ლოურენს შენკლენდმა კი შეგვახსენა, რომ მცირე შანსის გოლად გარდაქმნა შეუძლია და ევრო 2024-ზე საკუთარი ქვეყნისთვის ადგილი დაჯავშნა”, – წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის შესარჩევ ჯგუფში 7 ტურის შემდეგ 8 ქულით მე-4 ადგილს იკავებს.