„ნაციონალური მოძრაობის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კოალიცია „გამარჯვების პლატფორმა“ ინიციატივით გამოდის, რომ საპენსიო სესხები ერთჯერადად განულდეს. ანუ პენსიონერებს ლიბერთი ბანკის წინაშე არსებული დავალიანება სახელმწიფომ დაუფაროს.
რა ხდება?
„ლიბერთი“ ერთადერთი ბანკია, რომელიც საქართველოში პენსიებს გასცემს. 2022 წელს ბანკმა უკონკურენტოდ, მორიგ ჯერზე გაიმარჯვა ტენდერში. პენსიების გაცემის სერვისისთვის „ლიბერთი“ სახელმწიფოსგან ყოველწლიურად იღებს 15 მილიონს.
საპენსიო სესხი, რომელსაც ბანკი მომხმარებელს სთავაზობს, საქართველოში პენსიონერებისთვის სტანდარტულთან შედარებით უფრო მაღალ პროცენტში გაიცემა. შარშან მთავრობამ საპენსიო გასაცემებით უზრუნველყოფილი სესხის მაქსიმალური ზღვარი 26%-ზე დააწესა.
მანამდე პენსიით აღებულ სესხში პენსიონერები 30 პროცენტზე მეტსაც იხდიდნენ.
რას ითხოვს „გამარჯვების პლატფორმა“
საპენსიო სესხის განულების შესახებ 21 თებერვალს, ისაუბრა ენმ-ის წევრმა დავით კირკიტაძემ. მან პარლამენტში მისულ ფინანსთა მინისტრს მიმართა, რომ თუ მთავრობა პენსიონერებს დავალიანებას ერთჯერადად გაუსტუმრებს, ოპოზიცია ტაშსაც დაუკრავს.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე კი აცხადებს, რომ თუ 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვებენ, პირველი რაც მოხდება, ყველა საპენსიო სესხი განულდება.
ნეტგაზეთი დაინტერესდა, როგორ აპირებს “გამარჯვების პლატფორმა” სესხები განულებას და საიდან მოაქვთ შესაბამისი თანხები.
როგორც ნეტგაზეთს „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი პაატა მანჯგალაძე ეუბნება, ისინი საპენსიო სესხის დაფარვას ბიუჯეტის ფულიდან ითხოვენ. მისი თქმით, ერთ-ერთი მაგალითი რაზეც ფულის დაზოგვა შეიძლება, ეს სამთავრობო ავტოპარკია. მისი თქმით, თანამდებობის პირებს საქმის გაკეთება ძვირადღირებული ავტომობილების ნაცვლად შედარებით დაბალფასიანი მანქანებითაც შეუძლიათ.
„ჩვენ ვთავაზობთ ბიუჯეტიდან გადახდას და არა იმას, რაც მაგალითად, უნივერსიტეტებს გაუკეთეს [როცა მთავრობის გადაწყვეტილებით სტუდენტებს დავალიანება გაუნულეს]. უნივერსიტეტებს დაავალეს სტუდენტებისთვის დავალიანების ჩამოწერა“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
საიდან დაიზოგება საპენსიო სესხების განულებისთვის საჭირო სხვა სახსრები? – 2023 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით, საპენსიო სესხებზე გაცემული ჯამური თანხა 405 871 576 ლარს შეადგენს. საპენსიო სესხების რაოდენობა კი 346 280-ია, რომელშიც შედის პენსიის ან სხვა სახელმწიფო სოციალური გასაცემელის გათვალისწინებით გაცემული სესხები.
საპენსიო სესხების განულებაზე „გამარჯვების პლატფორმა“ უკვე რამდენიმე თვეა საუბრობს. 2023 წლის სექტემბერში, როცა 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა იწყებოდა, გიორგი ვაშაძე ამბობდა, რომ მზად იყვნენ 2024 წლის ბიუჯეტისთვის მხარი დაეჭირათ, თუ საპენსიო სესხების განულებას გაითვალისწინებდნენ.
„თქვენ წარმოადგინეთ ბიუჯეტი და გვითხარით, რომ ჭარბი შემოსავალი აქვს საქართველოსო, ანუ მეტი თანხა შემოვიდა ბიუჯეტში, ვიდრე დაგეგმილი იყო. ჯამურად ეს არის 800 მილიონი, იქ რაღაც თვითმმართველობებში იხარჯება და ცენტრალურმა ბიუჯეტმა უნდა გაანაწილოს 430 მილიონი. რომ შეხედოთ, ვერ გაიგებთ რაში ნაწილდება ეს ფული… ამ ერთხელ მაინც დაუშვით გამონაკლისი და გადავუხადოთ საპენსიო სესხის ძირი თანხა ყველა პენსიონერს. რას ნიშნავს ჭარბი ფული? – ბიუჯეტი იყო დაგეგმილი და მეტი შემოსავალი შემოვიდა ბიუჯეტში“, – აცხადებდა გიორგი ვაშაძემ.
„გამარჯვების პლატფორმის“ ამ მოთხოვნას არც თვეების წინ იზიარებდნენ მთავრობაში. მაგალითად, ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე ამბობდა, რომ პენსიონერთა სესხის ბიუჯეტიდან დაფარვა არ არის სწორი გადაწყვეტილება. მისი თქმით, მთავრობამ რომ ეს დავალიანება დაფაროს, ერთ თვეში იგივე ოდენობის საპენსიო სესხები შეიძლება დაგროვდეს.
„იმიტომ, რომ ავტომატურად ერთ თვეში შეიძლება დადგე იგივე მოცემულობის წინაშე. შესაბამისად, არ მიმაჩნია, რომ ახლა 400 მლნ, რომელიც დაახლოებით 30 ლარით რომ გაზარდო პენსია ამას ჰყოფნის წლიურად, გადავიხადოთ პენსიონერების ნაწილის ვალის დაფარვაში. მომდევნო წლის ბიუჯეტში მსგავსი თანხა გათვალისწინებული არ არის. არ შეიძლება, 400 მლნ გადავიხადოთ იმაში, რა მოცემულობაც ხვალაც დადგება,“ – აცხადებდა გიორგი კაკაურიძე გასული წლის სექტემბერში.
2024 წლის ნაერთი ბიუჯეტის ჯამური რესურსი 25 მილიარდ 700 მილიონ ლარს აჭარბებს და მისი ძირითადი წყარო საგადასახადო შემოსავლებია, რომლის მოცულობა 2024 წელს განსაზღვრულია 22 მილიარდ 53 მილიონი ლარის ოდენობით. წელს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5,2 პროცენტია.