კობახიძის თქმით, პარტიების „ფიქტიური NGO-ებით” დაფინანსებაზე კანონის მიღება არ იგეგმება

პარტიების ირიბი დაფინანსების წინააღმდეგ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი . მან აღნიშნა, რომ ამ საკითხზე ახალი კანონის მიღება არ იგეგმება.
„საუბარი იყო, არა, როგორც ასეთი, NGO-ების დაფინანსებაზე, არამედ პარტიების, პოლიტიკური სუბიექტების ირიბ დაფინანსებაზე, ფიქტიური არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით, რაც არის არასწორი პრაქტიკა. რაც შეეხება კანონების მიღებას, ასეთი რამ არ იგეგმება. ზოგადად, პარტიების ირიბი დაფინანსების საკითხი მოწესრიგებულია მოქმედი კანონმდებლობით, ეს არის „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანული კანონი. ამ კანონის ფარგლებში თუ რაიმე ზომები იქნება მიღებული, ეს არის ანტიკორუფციული სამსახურის საქმე, ამის მიღმა რაიმე საკანონმდებლო ცვლილებები არ იგეგმება”, – განაცხადა კობახიძემ.
შალვა პაპუაშვილმა თავდაპირველად, 9 თებერვალს გამოქვეყნებულ სტატიაში, კონსტიტუციის უხეშ დარღვევად შეაფასა კონკრეტული ორგანიზაციების უცხოური ფონდებიდან დაფინანსება. მისი თქმით, ინტერნეტგამოცემა „ტაბულა“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფლების ინსტიტუტი“ პარტია „ევროპული საქართველოს“ განშტოებებია, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციები, ელენე ხოშტარიას „დროა“ და ანა დოლიძის „ხალხისთვის“ პირდაპირ მათი შემქმნელი პარტიების სახელს ატარებენ. პაპუაშვილის შეფასებით, ეს პარტიები ორგანიზაციების მიერ აღებულ უცხოურ ფულს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ.
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” ორგანული კანონის თანახმად პარტიისთვის დაუშვებელია შემოწირულების მიღება:
ა) საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირისგან;
ბ) საქართველოში ან საქართველოს ფარგლების გარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირისგან ან/და პირთა სხვა სახის გაერთიანებისგან, გარდა ლექციის, სემინარის ან სხვა, მსგავსი საჯარო ღონისძიების უსასყიდლოდ მოწყობისა;
გ) საჯარო დაწესებულებისგან;
დ) სხვა სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტისგან.
რაც შეეხება სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების საკითხს, 9 თებერვალს გამოქვეყნებულ სტატიაში პაპუაშვილს არ უხსენებია, საკანონმდებლო ცვლილებების მიღება, არამედ ის ს წინ საჯარო შეთანხმების გაფორმების ინიციატივით გამოვიდა, რომელიც შეეხება პოლიტიკასთან, მათ შორის, არჩევნებთან დაკავშირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს.
„არჩევნების წინ შეგვიძლია საჯარო შეთანხმება დავდოთ, რომელიც იმ არასამთავრობოების დაფინანსებისა და საქმიანობის სრულ გასაჯაროებას მოახდენდა, რომლებიც პოლიტიკასთან კავშირში არიან, ან როგორც დამკვირვებლები, ან არჩევნებთან დაკავშირებული აქტივობის დამფინანსებლები. არასამთავრობოების საქმიანობას მსგავსი ინიციატივა ყველა მხარისათვის უფრო სანდოს გახდიდა და მხარეებს შორის კონსტრუქციულ დიალოგსაც ხელს შეუწყობდა”, – წერდა პაპუაშვილი.
„ქართულმა ოცნებამ” 2023 წლის მარტში ვერ შეძლო „უცხოური აგენტების შესახებ” კანონის მიღება.
· პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი პირველი მოსმენით 2023 წლის 7 მარტს დაამტკიცა, საქართველოს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების და ოპოზიციის პროტესტის და მოწოდებების მიუხედავად, უარი ეთქვა “რუსულ კანონზე” და ევროპული პერსპექტივის დასამარებაზე. საპროტესტო აქციებზე ათობით მოქალაქემ სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. მათ შორის ერთ-ერთმა ცალ თვალში დაკარგა მხედველობა.
· “ქართული ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობა პროვოკაციულს უწოდებდა განცხადებებს “რუსული კანონის” და ევროპული ინტეგრაციის მიზანმიმართული შეფერხების შესახებ და საკანონმდებლო ცვლილების ერთადერთ მიზნად ასახელებდა გამჭვირვალობას და საზოგადოების ინფორმირებას.
· საზოგადოებრივი პროტესტისა და საერთაშორისო კრიტიკის ფონზე, 9 მარტს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვიტა, გაეწვია პირველი მოსმენით უკვე მიღებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. რეგლამენტის თანახმად, 10 მარტს სპეციალურად დანიშნულ პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა მეორე მოსმენით უყარა კენჭი აღნიშნულ კანონპროექტს და ჩააგდო.
2023 წლის 12 დეკემბერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოში „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის” ანალოგის შექმნის მოწოდებით გამოვიდა „ხალხის ძალის” და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი . დეპუტატი აცხადებდა, რომ სასწრაფოდაა საჭირო არასამთავრობო ორგანიზაციების ყოვლისმომცველი წინასწარი ფინანსური შემოწმება.