ოპოზიციონერი დეპუტატი ქეთევან თურაზაშვილი ეროვნულ ბანკს და ხელისუფლებას მიმართავს, „ლიბერთი ბანკისგან“ მოტყუებულ პენსიონერთა“ პრობლემის სისტემური მოგვარების გადაწყვეტილება მიიღონ.
აღნიშნულ პრობლემაზე თურაზაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა, სადაც სწორედ საპენსიო სესხების თემაზე, ინტერპელაციის წესით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავაა მიწვეული.
თურაზაშვილის ინფორმაციით, “ყველა მოტყუებულ პენსიონერს უკვე 5-ჯერ და 10-ჯერ მეტი თანხა აქვთ გადახდილი“.
“ოვერდრაფტი” – ეს სახელი პენსიონერებმა ჩემი „ფეისბუქ“ მიმართვიდან გაიგეს. ასევე გაიგეს, რომ მათ დაუსრულებელ ვალთან ჰქონდათ საქმე – გაიგეს რომ თანხა, რომელსაც ყოველ თვე ბანკი აჭრიდა, მხოლოდ მომსახურების საკომისიოში მიდიოდა და ძირ თანხას არაფერი აკლდებოდა. სესხის გაფორმებიდან 3, 4, 5 წლის შემდეგ გაიგეს, რომ ასეთი სესხი გაუფორმა მოტყუებით “ლიბერთი ბანკმა“, არადა ეს მათ ჩემგან არ უნდა გაეგოთ. ბანკის ოპერატორები ვალდებული იყვნენ და არიან, დეტალურად აუხსნან მომხმარებლებს თუ რა საფრთხეებს შეიცავს ესა თუ ის სესხი მათთვის.
ამ ქვეყანაში პენსიონერები სესხებს არ იღებენ გართობისთვის და მოგზაურობისთვის, ყველა მათგანს მძიმე ისტორია აქვს, რომელიც ან ავადმყოფობას ან ძალიან მძიმე სოციალურ პირობებს უკავშირდება.
“ლიბერთი ბანკმა“ მოტყუებით ჩვეულებრივი სესხის ნაცვლად, „ოვერდრაფტები“ მარტოხელა პენსიონერებს გაუფორმა, რომელთა ერთადერთი შემოსავალი შემწეობის ტოლფასი პენსიაა – შვილმკვდარი მშობლები, რომლებმაც “ლიბერთი ბანკს“ ერთადერთი შვილის დაკრძალვისთვის მიაკითხეს და 1800-1800 ლარია იღეს, მეშვიდე წელია ამ სესხს იხდიან. ოვერდრაფტი გაუფორმა “ლიბერთი ბანკმა“ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალბატონს, რომელსაც ორივე ფეხი ამპუტირებული აქვს და ყავარჯნებით ძლივს დგას ფეხზე, ასევე მოხუცს, რომელიც მარტო ზრდის ობოლ შვილიშვილებს, პენსიონერებს, რომლებიც არჩევანს აკეთებენ წამალი იყიდონ, საკვები თუ კომუნალური გადასახადი გადაიხადონ.
ყველა ეს პრობლემა თანაბრად ვრცელდება დევნილებზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე – ყველაზე, ვისზეც პენსიას “ლიბერთი ბანკი“ გასცემს“, – განაცხადა ქეთევან თურაზაშვილმა.
მისივე თქმით, “მეორე სასჯელი, რაც “ლიბერთი ბანკმა“ პენსიონერებს განუსაზღვრა ვითომ საშეღავათო პერიოდია, როცა სესხის სამი და მაქსიმუმ 6-თვიანი გადაუხდელობის გამო, სესხის ვადა ორი, სამი და ოთხი წლით გაუგრძელა.
“გაგიკვირდებათ და არც ამ ვადების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია ბანკმა პენსიონერებს“, – განაცხადა თურაზაშვილმა.