“ცალმხრივი მოძრაობის“ წესები პარლამენტში

ავტორი: ნინო სამხარაძე, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) ანალიტიკოსი
ოპოზიცია ძალაუფლების განაწილების ერთ-ერთი მთავარი სუბიექტია, რაც ევროპული სტანდარტების დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისთვის ფუნდამენტურ კრიტერიუმს წარმოადგენს.
საქართველოში, ერთი შეხედვით, ეს საკითხი მმართველი პოლიტიკური ელიტის დღის წესრიგშიცაა: პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის თქმით, „ჩვენს პოლიტიკურ სისტემას აუცილებლად სჭირდება მეტი კონსენსუსი და ნაკლები რადიკალიზმი“. თუმცა, ამის საპირისპიროდ, საქართველოში პოლიტიკური კულტურის ტრადიციულ მახასიათებლად იქცა ოპოზიციური პარტიების მარგინალიზება სახელმწიფოს ეფექტიანი მართვისთვის საჭირო პოლიტიკისგან.
როგორც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის რანგში თავისი ბოლო საპარლამენტო გამოსვლისას განაცხადა, „საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ვერც ერთმა მთავრობამ ვერ იპოვა საკუთარ თავში ძალა, რომ „ძალაუფლების მონოლითი ბოლომდე ჩამოეშალა“.
საერთო პერსპექტივაში, ოპოზიციური აზრის პოლიტიკური პროცესისგან მარგინალიზება უფრო ფართო ნაკლოვანებებთანაა დაკავშირებული და ძალაუფლების გაზიარების შესაძლებლობას, როგორც დემოკრატიის ძირითად პრინციპს, სრულად გამორიცხავს.
ეს საგანგაშო ტენდენცია განსაკუთრებით კარგად ჩანს საქართველოს პარლამენტის მაგალითზე, სადაც ოპოზიციური აქტორების პოლიტიკური ხედვების განხილვაც კი იშვიათად მიმდინარეობს, რომ აღარაფერი ვთქვათ მათ კანონებად ქცევაზე. შედეგად, ქართულ რეალობაში, ამომრჩეველი კარგავს რწმენას პარტიების მიმართ, ხოლო თავად პარტიები, ფაქტობრივად, უფუნქციოდ რჩებიან პარლამენტში. ეს კი პოლიტიკური გარემოს რადიკალიზაციის და, პერიოდულად, პოლიტიკური პროცესის ქუჩაში გადატანის წინაპირობა ხდება.
საპარლამენტო ოპოზიციის როლი პლურალისტური დემოკრატიისთვის და “ცალმხრივი მოძრაობის“ წესები საქართველოს პარლამენტში
პერიოდულად, საქართველოში ჩნდება მოსაზრებები ოპოზიციის შეზღუდული შესაძლებლობების, ან „უუნარობის“ შესახებ, წარმატებით დააყენოს პოლიტიკურ დღის წესრიგში საკუთარი ამომრჩევლის ინტერესები საპარლამენტო ინსტრუმენტების გამოყენების გზით.
„ოპოზიციის სისუსტეზე“ აქცენტები, როგორც წესი, ოპოზიციის მარგინალიზებისა და დელეგიტიმაციის გავრცელებულ სტრატეგიას წარმოადგენს კონკურენტი პოლიტიკური ძალების ხელში. ამ პირობებში, ოპოზიციას ორმაგი ძალისხმევის მობილიზება სჭირდება საკუთარი ფუნქციების შესასრულებლად, რაც, საბოლოოდ, მათი არაეფექტიანობის ერთ-ერთი მიზეზი ხდება.
მე-10 მოწვევის პარლამენტის მუშაობა ქვეყანაში არსებული აფექტური პოლარიზაციის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს, რაც ნიშნავს იმას, რომ ასეთ გარემოში პოლიტიკური სუბიექტი მოტივირებულია, საგანგებოდ დააზიანოს პოლიტიკის ალტერნატივა ან პოლიტიკური იდეა, განურჩევლად ამ იდეის მიმართ მიმღებლობისა.
ოპოზიციურ სპექტრში, დეპუტატების გამოცდილების მიხედვით, ასევე არსებობს ეჭვი, რომ უმრავლესობის ამოცანაა, დააიგნოროს საპარლამენტო ოპოზიციის ხედვები და შეუზღუდოს მას ამ ხედვების ოფიციალურად და საჯაროდ განხილვის მექანიზმები.
მიმდინარე მოწვევის პარლამენტში, 2023 წლის ბოლოსთვის, ოპოზიციური საპარლამენტო სუბიექტების მიერ წარდგენილი 87 ინიციატივიდან კანონად მხოლოდ 7 იქცა: ოთხი მათგანი ინიციირებული იყო „მოქალაქეების“ მიერ, თითო-თითო „გირჩის“ და „ევროოპტიმისტების“ მიერ, ხოლო ერთი კი ერთობლივ ინიციატივას წარმოადგენდა. სხვა ინიციატივების განხილვა რეგულარულად ვადდება, ან გაჭიანურებულია სხვადასხვა ბიუროკრატიულ – საკომიტეტო თუ პლენარული მოსმენების ეტაპებზე. ზოგიერთი კანონპროექტის საკომიტეტო განხილვის ვადა ათზე მეტჯერაც კი არის გადაწეული.
აღნიშნული მონაცემები საგანგაშოდ გამოიყურება და საქართველოში ინკლუზიურ საპარლამენტო დემოკრატიაზე დადებითს ვერაფერს ამბობს. ამ ეტაპისთვის, რადგანაც პარლამენტის კომიტეტების და სხვა საპარლამენტო ერთეულების მმართველ პოზიციებზე, ძირითადად, „ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან, მათ თეორიულად შეუძლიათ, ის ბიუროკრატიული დაბრკოლებები შეარბილონ, რომლებიც საკომიტეტო განხილვების გადადების საბაბი ხდება. თუმცა, როგორც გამოცდილება აჩვენებს, ოპოზიციური ინიციატივების ამგვარი განხილვების კანონად ქცევა, საუკეთესო სცენარშიც კი, საქართველოს პარლამენტში იშვიათი მოვლენაა.
ოპოზიციური ინიციატივები პარლამენტში და საპარლამენტო უმრავლესობის რეაგირება
რაოდენობრივი სურათის მიღმა, საქართველოს პარლამენტში კანონშემოქმედებითი საქმიანობის ეფექტიანობის და ამ მხრივ არსებული გადახრების შესახებ არაერთ თვისებრივ მიგნებაზე შეიძლება საუბარი. ერთი მხრივ, მმართველი პარტია ცდილობს ოპონენტების დელეგიტიმაციას და მათ აქტიური პოლიტიკური პროცესისგან გარიყვას. საპარლამენტო ტრიბუნა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზაა ქართული ოპოზიციური პარტიებისთვის, გამოკვეთონ საკუთარი იდეოლოგიური იდენტობა იმ პირობებში, როდესაც მათ პოლიტიკის განხორციელების რესურსი არ აქვთ. შესაბამისად, საპარლამენტო უმრავლესობისთვის შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს, რომ არ დადგეს დღის წესრიგში ოპოზიციური პარტიების ინიციატივები, რომლებიც, შესაძლოა, საზოგადოებამ გონივრულ ალტერნატივად მიჩნიოს.
ამ მიდგომით საპარლამენტო უმრავლესობა თავიდან იცილებს პოტენციურ რეპუტაციულ ზიანს, რაც მას ოპონენტებთან საგნობრივ დებატში შესვლამ შეიძლება მოუტანოს. მმართველი პარტიისთვის მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება ნაკლები პლატფორმა მისცეს ალტერნატიულ პოლიტიკურ ხედვებს, რათა ამომრჩევლის თვალში მათთვის მისაღები ერთადერთი და შეუცვლელი პოლიტიკური ძალის იმიჯი შეინარჩუნოს.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ოპოზიციის ინიციატივების შეფერხებას საგნობრივი და შინაარსობრივი საფუძვლები ნაკლებად აქვს. ოპოზიციონერი დეპუტატების თქმით, მაშინაც კი, როდესაც დაპირისპირებული პარტიები, შესაძლოა, ერთ აზრზე იყვნენ კონკრეტული ინიციატივის შესახებ, რისი მაგალითიცაა ინიციატივა პიროტექნიკის აკრძალვის საკითხზე, რომლის კანონპროექტი ეკუთვნის დეპუტატებს ანა ნაცვლიშვილს და არმაზ ახვლედიანს. თუმცა, „ქართული ოცნების“ მაშინდელმა ლიდერმა, ირაკლი მ, განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ „პარტია პიროტექნიკის გამოყენების მკაცრ შეზღუდვას ემხრობა, ამ საკითხზე „ლელოს“ კანონპროექტს უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს“.
ოპოზიციის ინიციატივების უგულებელყოფის შედეგად, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები ზიანდება. ამ თვალსაზრისით, საყურადღებო შემთხვევაა დეპუტატ რომან გოცირიძის ინიციატივა ს მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების შეძენისთვის 2 წლით მორატორიუმის შესახებ. თავად გოცირიძის თქმით, „როცა კანონპროექტი დარეგისტრირდა, რუსეთის მოქალაქეებს მხოლოდ 8 ათასი ბინა ჰქონდათ ნაყიდი, დღეს [განცხადების დროისათვის] უკვე არის 13 ათასი“. ეს ილუსტრაციაა, რომ ბიუროკრატიულმა ომმა ოპოზიციური ინიციატივების წინააღმდეგ საქართველოს პარლამენტს, შესაძლოა, უსაფრთხოების რისკებზე ჯეროვანი რეაგირების საშუალება არ მისცეს.
საპარლამენტო დემოკრატიის ამუშავება საქართველოში: რაშია უძალოთა ძალა?
პოლიტიკური პოლარიზაცია განვითარებულ დემოკრატიებშიც კი ზრდადი პრობლემაა. თუმცა, საქართველოში პოლარიზაცია შედარებით უფრო დამაზიანებელი და უკომპრომისოა. იმ ფონზე, რომ ოპოზიციისთვის უამრავი ბარიერი არსებობს მმართველ პარტიასთან ჯანსაღი ინსტიტუციური კონკურენციის გზაზე, ქვეყანას ინკლუზიური დემოკრატიის მშენებლობის შეზღუდული პერსპექტივა რჩება. ამ მდგომარეობის გადატვირთვისთვის აუცილებელია, რომ როგორც საპარლამენტო უმრავლესობამ, ისე თავად ოპოზიციურმა პარტიებმა მნიშვნელოვანი (ზოგიერთ შემთხვევაში, კომპრომისული) ნაბიჯები გადადგან.
ამ ბიუროკრატიული ჩიხის გარღვევის გზების ძიებაში ოპოზიცია გარკვეულ ნაბიჯებს მიმართავს. საპარლამენტო ჯგუფმა „ევროოპტიმისტებმა“ დაარეგისტრირა ინიციატივა კანონპროექტების განხილვის დაუსაბუთებელი გაჭიანურების და გადადების ვადების ცვლილებების შესახებ და მნიშვნელოვანი იქნება, თუ ეს ცვლილება, საბოლოოდ, ძალაში შევა. გარდა ამისა, აუცილებელია, რომ პარლამენტში ძალაუფლების გადანაწილებისას გაიზარდოს ოპოზიციის როლი და პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეების თანამდებობები, რიგ შემთხვევებში, ოპოზიციამ დაიკავოს.
ამასთან, შეზღუდული საპარლამენტო ბერკეტების პირობებში, მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციამ გააძლიეროს „დღის წესრიგის შექმნის ფაზა“ (“Agenda-setting phase”), ასევე, ერთგვარი „კანონის პროექტის კამპანიები“, და ამომრჩევლის პოზიტიური ყურადღების მოზიდვაზე იმუშაოს. ცალკეულმა ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა შექმნან სტრატეგია მასობრივი ყურადღების მოზიდვის მიზნით თავიანთი ინიციატივების გარშემო, რათა შეიქმნას სახალხო მოთხოვნა მმართველი პარტიის მიმართ და დადგეს დღის წესრიგში ესა თუ ის საკითხი, განურჩევლად იმისა, თუ ვინ არის კანონპროექტის ავტორი.
ინტერ-ოპოზიციური მხარდაჭერის მოპოვება და ბრძოლისთვის თანამშრომლობითი ხასიათის მიცემა ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გაჟღერებული რეკომენდაციაა, როდესაც საქმე ოპოზიციის გაძლიერებას ეხება. თუ ერთი ოპოზიციური პარტია მეორე ოპოზიციური პარტიის ინიციატივას ცხადად და ხმამაღლა დაუჭერს მხარს, ამგვარი ინიციატივის სანდოობა, რიგიდულობა და ლეგიტიმაცია ავტომატურად გაიზრდება ამომრჩევლის თვალში, რადგან რამდენიმე პარტიას ერთდროულად შეეძლება ინიციატივის მიმართ საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტებში მხარდაჭერის მოპოვება.
საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციის ინიციატივების პირისპირ
ამგვარად, ქართულ რეალობაში, ხელისუფლების გადანაწილებას და ინკლუზიურ დემოკრატიას სერიოზული ხარვეზები აქვს. მაშინ, როდესაც ძლიერი ოპოზიცია დასავლური სტანდარტების დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, საქართველოში საკანონმდებლო საქმიანობის მაგალითზე ვხედავთ, რომ ოპოზიციური პარტიების და, შესაბამისად, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის ხედვები კანონშემოქმედებით საქმიანობაში, ფაქტობრივად, უგულებელყოფილია.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში, ხშირად, ოპოზიციური პარტიების სტრატეგიების მიმართ ლეგიტიმური კრიტიკა არსებობს, ჩანს იმის ნიშნებიც, რომ ხელისუფლება ოპოზიციის ეფექტურ ბოიკოტირებას და ამომრჩევლის ნაწილის ნიველირებას ცდილობს. ეს მოცემულობა ამცირებს ნდობას როგორც საპარლამენტო საქმიანობის, ისე თავად პარტიების მიმართ და, ზოგიერთ შემთხვევაში, ოპოზიციას რადიკალიზაციისკენ და პროცესების ქუჩაში გადატანისკენ უბიძგებს. შედეგად კი, ფართო პერსპექტივაში ვიღებთ მუდმივად რადიკალიზებულ, დესტრუქციულ და საგნობრივი დებატებისგან დაცლილ პოლიტიკურ გარემოს, რაც ქვეყანას დასავლური სტანდარტების პოლიტიკური კულტურისგან მნიშვნელოვნად აშორებს.
რედაქციის შენიშვნა: კომენტარების განყოფილებაში გამოქვეყნებული სხვადასხვა ავტორის მოსაზრებები, შესაძლოა, არ ასახავდეს “ნეტგაზეთის” პოზიციას.