რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შეურაცხმყოფელი განცხადებები სამარცხვინოა იმ ქვეყნისთვის, რომელსაც ის მართავს.
ამავდროულად, პესკოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პუტინს ბაიდენის მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადება არასდროს გაუკეთებია.
“ასეთი უხამსი განცხადებები, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რაიმე მხრივ შეურაცხყოფდეს სხვა სახელმწიფოს მეთაურს, განსაკუთრებით, პრეზიდენტ პუტინს. ეს იმ ქვეყნისთვისაა დიდი სირცხვილი, რომელსაც ბაიდენი მართავს.
გასაგებია, რომ ბატონი ბაიდენი შიდა პოლიტიკური ინტერესების გამო ჰოლივუდური კოვბოის სტილში იქცევა, მას ეს ძალიან სურს, თუმცა, ვფიქრობ, ეს შეუძლებელია”. – თქვა პესკოვმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სან ფრანცისკოში საპრეზიდენტო კამპანიისთვის თანხის შესაგროვებელ ღონისძიებაზე რუსეთის პრეზიდენტს “შეშლილი ნაბიჭვარი” უწოდა, თუმცა, აღნიშნა, რომ პუტინზე და ბირთვულ ომზე დიდი საფრთხე კლიმატის ცვლილებაა.