გამოცემა POLITICO ანონიმურ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი NATO-ს გენერალური მდივნის პოზიციაზე ნიდერლანდების პრემიერის, მარკ რუტეს კანდიდატურას უჭერს მხარს.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის პოზიციაზე, რომელიც ოქტომბრიდან იქნება ვაკანტური, ნიდერლანდების პრემიერსა და ევროპის სხვა მაღალი რანგის ლიდერებს შორის კონკურენცია უკვე რამდენიმე თვეა დაწყებულია.
გამოცემა წერს, რომ ბაიდენის პოზიცია, სავარაუდოდ, რუტეს კანდიდატურის გარშემო მოკავშირეებში მეტ მხარდამჭერს შემოიკრებს, რაც აღნიშნულ პოზიციაზე მის წარდგენას გაამარტივებს.
ამასთან, POLITICO-მ გუშინ, 21 თებერვალს უკვე გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუტეს კანდიდატურას NATO-ს ქვეყნების ორი-მესამედი უჭერს მხარს.
ალიანსის ამჟამინდელი ხელმძღვანელის, იენს სტოლტენბერგის ვადა მიმდინარე წლის ოქტომბერში იწურება. გამოცემის ცნობით კი NATO-ში იზრდება ზეწოლა, რომ რუტეს კანდიდატურა ივლისში, ვაშინგტონში დაგეგმილ, ალიანსის 75 წლის იუბილესთან დაკავშირებულ სამიტამდე დამტკიცდეს.
NATO-ს წესდების თანახმად, გენერალური მდივანი ყველამოკავშირის ერთსულოვანი თანხმობით უნდა აირჩიონ. შესაბამისად, რუტემ 31-ვე წევრი ქვეყნის მხარდაჭერა უნდა მოიპოვოს. ამისთვის ნიდერლანდების პრემიერის მთავარ დაბრკოლებად თურქეთი და უნგრეთი მიიჩნევიან.