AI 5 წელიწადში ცნობიერებას მოიპოვებს – ჯეფრი ჰინტონი

კომპიუტერულმა მეცნიერმა ჯეფრი ჰინტონმა, რომელსაც „ხელოვნური ინტელექტის ნათლიას” უწოდებენ, მთავრობებს და კომპანიებს მოუწოდა, რომ ყურადღებით ეფიქრათ ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხო განვითარების საუკეთესო გზებზე. ჰინტონის თქმით, 5 წელიწადში ხელოვნური ინტელექტი ცნობიერებას მოიპოვებს.
CBS News-თან ინტერვიუში მეცნიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კაცობრიობა საკუთარ თავზე უფრო ჭკვიანური რაღაცის შექმნით დიდი გაურკვევლობის პერიოდში შედის და ისეთი რისკები ემუქრება, რომელთა წინაშეც აქამდე არასოდეს ყოფილა. ჰინტონის თქმით, ხელოვნური ინტელექტისგან რაიმე საფრთხე, თუნდაც „მანქანების ამბოხი“ არ გვემუქრება.
„მე არ ვამბობ, რომ ეს მოხდება. თუ ჩვენ შეგვიძლია მისი სურვილები სხვა მიმართულებით მივმართოთ, კარგი იქნება, მაგრამ როგორ ვაიძულოთ AI, ეს არ სურდეს, გაუგებარია“, – თქვა ჰინტონმა.
მეცნიერი დარწმუნებულია, რომ 5 წელიწადში ისეთი მოდელები, როგორიცაა ChatGPT, ჩვენზე უკეთ შეძლებენ მსჯელობას და კამათს. ხელოვნური ინტელექტი გააუმჯობესებს პროდუქტიულობას და ეფექტურობას, მაგრამ ის ასევე შეიცავს უმუშევრობის პოტენციურ რისკებს მრავალი ადამიანისთვის. ახალი სამუშაო ადგილები შეიძლება უბრალოდ არ გამოჩნდეს საკმარისი რაოდენობით.
მისი თქმით, ჩვენ შევდივართ დიდი გაურკვევლობის პერიოდში, როდესაც საქმე გვაქვს ისეთ რამესთან, რაც აქამდე არ შეგვხვედრია.
მაისში ცნობილი გახდა, რომ ჯეფრი ჰინტონმა Google-ის ვიცე-პრეზიდენტის პოსტი დატოვა. ჰინტონის თქმით, მან ეს გააკეთა იმისათვის, რომ ღიად გაეფრთხილებინა საზოგადოება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასთან დაკავშირებული რისკების შესახებ. თანამედროვე ხელოვნური ინტელექტის სისტემებზე მუშაობისთვის ჰინტონს „AI-ის ნათლია“ მიიჩნევენ. ჯერ კიდევ 1972 წელს ჯეფრი AI პროგრამით ედინბურგის უნივერსიტეტში დაინტერესდა, სადაც მან ნერვული ქსელების განვითარება დაიწყო.
მიუხედავად წარსულში AI სისტემების შექმნაზე აქტიური მუშაობისა, მეცნიერი ახლა საჯაროდ გამოხატავს შეშფოთებას ხელოვნური ინტელექტის შესაძლო საფრთხის შესახებ.