“როგორ მოიპარა გამომცემლობამ წიგნი” – ნუციკო დეკანოზიშვილი

პოეტი, თელავის იაკოგ გოგებაშვილის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ნუციკო დეკანოზიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
როგორ მოიპარა გამომცემლობამ წიგნი
(ვერ მოვნიშნე ვერც “ინტელექტი” და ვერც ზვიად კვარაცხელია) აბსოლუტურად გაურკვეველი სიტუაცია, რომელიც გამომცემლობა “ინტელექტში” ჩემი წიგნის ბეჭდვა-გაქრობას შეეხება, მაიძულებს, ეს ტექსტი დავწერო და, სათაურიც ასეთი ტრივიალური შევურჩიო. საქმე იმაშია, რომ ჩემი ლექსების მესამე კრებული გამომცემლობა “ინტელექტში” დავბეჭდე, შემდეგი შეთანხმებით: 100 ეგზემპლარში გადამეხადა გარკვეული თანხა, გამომცემლობის მიერ ორგანიზებული პრეზენტაციის შემდეგ; ასევე, გამომცემლობას უნდა ეზრუნა წიგნის პიარზე – წარედგინა წიგნების ბაზრობაზე, განეთავსებინა მაღაზიათა ქსელში და ა.შ. მე შევთავაზე ზვიად კვარაცხელიას, რომ დაბეჭდვისთანავე გადავიხდიდი მის მიერ დადგენილ თანხას და წავიღებდი ჩემს წიგნებს, თუმცა, მან მხოლოდ 10 ეგზემპლარი გამომატანა და კიდევ ერთხელ შემახსენა, რომ თანხას პრეზენტაციის შემდეგ გადავიხდიდი. ამიხსნა, რომ გარკვეული დროის შემდეგ, თვითონ შემეხმიანებოდა. დავეთანხმე. გავიდა დრო, არავინ შემხმიანებია. ამას მოჰყვა საყოველთაო პანდემია და, ჩვენი ხელმეორე შეთანხმება, რომ ჟამიანობის დასრულებისას შედგებოდა პრეზენტაცია. გავიარეთ ეს ჟამიც და, ზვიადს ისევ შევეხმიანე. მან მითხრა, რომ ბევრი პრეზენტაცია იყო გასაკეთებელი და რიგში უნდა ჩავმდგარიყავი. დავეთანხმე ისევ. თუმცა, ჩემი რიგი არ დადგა. პერიოდულად, წიგნების მაღაზია “შაქრო ბაბუადან” მირეკავდნენ, რომ ჩემი წიგნები წამეღო. ერთხელ ავუხსენი საკონტაქტო პირს, რომ მე სხვანაირი შეთანხმება მქონდა გამომცემლობასთან, მაგრამ მათ რამდენჯერმე დამირეკეს და დაჟინებით მომთხოვეს წიგნების წაღება – ადგილი არ არისო. მოგეხსენებათ, ხანდახან რთული პერიოდები გვიდგება ადამიანებს, სამწუხაროდ. ეს ზუსტად ის წლები იყო, როდესაც მე სულ სხვა საქმეებით ვიყავი მოცული… ასე გავიდა 5 წელი. 2023 წლის ბოლოს კიდევ მივწერე ზვიად კვარაცხელიას, რომ აღარ მინდოდა მათთან თანამშრომლობა და შევისყიდიდი ჩემს წიგნებს. პასუხი ასეთი იყო, რომ წუხდა მომხდარის გამო და ინფორმაციას მოიძიებდა. მას შემდეგ კიდევ 2 თვე გავიდა და ისევ მივწერე, რომ, იქნებ, პასუხი დაებრუნებინა. ამჯერად საერთოდ არ ჰქონია რეაქცია – თითქმის ერთი თვე გავიდა. ჩემთვის სრულიად გაურკვეველია, რატომ გადაწყვიტა “ინტელექტმა” ჩემი წიგნის “ყველაფერზე და დანარჩენზე” გაქრობა, თუ დამალვა, თუ – არ ვიცი, რა დავარქვა. ხან გრინჩი გამახსენდა, ხან – ნესტან-დარეჯანი… იმდენად დამაინტრიგებელი და იდუმალებით მოცული ისტორიაა, მაგიური რეალიზმის ჟანრშიც დაიწერებოდა შესანიშნავი ტექსტი, ლექსზეც კი ვიფიქრე ამ ბოლო დროს. არის ეს ჩემი წიგნი “არსად” – არც ავტორთან, არც მაღაზიებში, არც “შაქრო ბაბუაში” და არც “შაქრო პაპაში” და, დავეძებ ასე, სულიკოსავით, არც პასუხს მცემს არავინ – მხოლოდ “ჩაიშრიალა მგოსანმა” და, რა გავაკეთო, ადამიანებო, იქნებ, მირჩიოთ? პ.ს. როდესაც წიგნი გამომცემლობაში მივიტანე, ზვიად კვარაცხელიამ მითხრა, რომ წინასიტყვაობა უნდა დამეწერა. დავწერე, გავუგზავნე, თუმცა, დაბეჭდვისას, დაავიწყდათ.
ეს იყო ამბავი “ყველაფერზე”, “დანარჩენზე” იხილეთ გაურკვეველ დროში.

ასევე დაგაინტერესებთ

ალეკო ელისაშვილი მოქალაქეებს – რამდენს გვაქვს უფასო ფული? რომელ სოფელს დაახარჯეს 5 მილიონი? ვინ მუშაობთ აშენებული ქარხნებიდან რომელიმეში? ვინ ყიდულობთ ბენზინს განახევრებული ფასით? – ესენი უნდა დავტოვოთ გაღიმებულები!