თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე სოციალურ ქსელში მის შესახებ სიუჟეტის ანონსს ეხმიანება და აცხადებს, რომ სიუჟეტი, რომლის ეთერში გაშვებასაც ერთ-ერთი ტელევიზია აპირებს, თავიდან ბოლომდე სიცრუეა და მასში სიმართლის არცერთი მარცვალი არ არის. როგორც ირაკლი ხმალაძე Facebook-ზე წერს, დაელოდება ეთერში სრული სიუჟეტის გასვლას და თუკი მასში ისევე დაუსაბუთებლად, ცალმხრივად და ცილისმწამებლურად იქნება წარმოდგენილი მოვლენები, როგორ შთაბეჭდილებასაც გასული ანონსი ცალსახად ტოვებს, სამართლებრივ გზებს მიმართავს.
„მინდა გამოვეხმაურო სიუჟეტის ანონსში ჩემს შესახებ გასულ აბსოლუტურ სიცრუეს. სიუჟეტის ანონსში ე.წ. “წყარო”, შეცვლილი ხმით ჰყვება აბსურდულ ისტორიას -თითქოს მე, თბილისის ვიცე-მერი, ირაკლი ხმალაძე, დაბარებული ვიყავი სუს-ში გამოკითხვაზე, სადაც დამაკავეს და მხოლოდ თბილისის მერის ჩარევის შემდეგ გამათავისუფლეს. ამ სიუჟეტის ანონსის ნახვის შემდეგ, მე დავუკავშირდი ჟურნალისტს, რომელიც აღნიშნულ სიუჟეტზე მუშაობდა. მე მას განვუმარტე, რომ ჩვენი საუბარი იწერებოდა და რომ არასდროს, არცერთ სამართალდამცავ უწყებაში დაკითხვაზე დაბარებული და მით უმეტეს დაკავებული არ ვყოფილვარ და ყველაფერი რაც სიუჟეტის ანონსში იქნა გაშვებული, აბსოლუტური ტყუილი იყო. ამავდროულად ვურჩიე, რომ ეს სიცრუე არ გაევრცელებინათ! დაველოდები ეთერში სრული სიუჟეტის გასვლას და თუკი მასში ისევე დაუსაბუთებლად, ცალმხრივად და ცილისმწამებლურად იქნება წარმოდგენილი მოვლენები, როგორ შთაბეჭდილებასაც გასული ანონსი ცალსახად ტოვებს, მაშინ, როგორც ზემოთ ხსენებულ ჟურნალისტს განვუცხადე, მივმართავ სამართლებრივ გზებს! კიდევ ერთხელ და ხაზგასმით ვაცხადებ, რომ სიუჟეტი, რომლის ეთერში გაშვებასაც ტელევიზია აპირებს, თავიდან ბოლომდე სიცრუეა და მასში სიმართლის არცერთი მარცვალი არ არის!“ – წერს ირაკლი ხმალაძე.