მარიკა თხელიძე ახლახან ტელეწამყვანი გახდა. ის „პოსტივიზე“ გვიან დილას უძღვება. მარიკასთვის ეს ახალი გამოწვევაა და ცხოვრების კიდევ ერთი საინტერესო ეტაპი, როცა ტელევიზიასთან სიმღერის გარდა, უკვე ტელეწამყვანობაც დააკავშირებს.
მარიკას ცხოვრებაში კიდევ ერთი დიდი სიახლეა, ის ქმარ-შვილთან ერთად თბილისს დაუბრუნდა ბათუმიდან, სადაც ბოლო 3 წელი გაატარა.
„ახალი გამოწვევა დაიწყო ჩემთვის და ძალიან საინტერესო. სიმართლე რომ გითხრათ, სულ მინდოდა, ოღონდ არასდროს ვაჟღერებდი ხმამაღლა. ხომ არის, რაღაცებზე გეფიქრება… და დავრწმუნდი, რომ ფიქრი მატერიალიზდება. კონკრეტულ გადაცემაში არა, მაგრამ ტელევიზიაში წარმოვიდგენდი ხოლმე ჩემს თავს. ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე, ტელევიზია, გადაღება ჩემთვის უცხო არასდროს ყოფილა. ამან თავისი დიდი როლი ითამაშა. მინდოდა, რომ ასეთი გამოწვევის წინაშე ვყოფილიყავი კარგი გაგებით. მართლაც მივიღე შეთავაზება „გვიანი დილის“ გენერალური პროდიუსერისგან, თამარა მაჭავარიანისგან. რომ გითხრა, დავფიქრდი-მეთქი, არა. დიდი სიხარულითა და ზეიმით შევუერთდი ამ გუნდს. მე თვითონ მაინტერესებს ჩემი შესაძლებლობების გამოცდა. მაინტერესებს, როგორ წარვმართავ ამ საქმიანობას.
სამი წელი ვიცხოვრე ბათუმში. ჩემი ქმარი არის ბათუმელი. აქედან გამომდინარე, მომიწია დედასთან და ნიკოლოზთან ერთად ამ ქალაქში ცხოვრებამ, დედა ძალიან მეხმარებოდა. ძალიან ძნელია, იმ გარემოს მოწყდე, სადაც მთელი ცხოვრებაა, ხარ. ცოტა გამიჭირდა ბათუმში ყოფნა, თუმცა გიორგიდან გამომდინარე, იქ სამი წელი დავყავით. ბევრჯერ მომიწია უარის თქმამ გადაღებებზე, კონცერტებზე, რამაც ძალიან დამწყვიტა გული. გიორგის ძალიან უყვარს ჩემი სიმღერა და ცდილობს, ხელი შემიწყოს ამ კუთხით. ერთი-ორჯერ ჩამოვედი გადაღებაზე და იმავე დღეს უკან წავედი, რადგან ბავშვებს ვერ ვტოვებდი. ამ მოგზაურობებმა ძალიან გადამღალა. მივხვდი, რომ ასე ვეღარ გავაგრძელებდი. ნიკუშას სწავლის კუთხითაც მინდოდა, რომ უფრო მეტი გამეკეთებინა. ამონაშვილის აკადემიაში დამყავს. ჩემი კარიერის, ბავშვების თუ სხვა მიზეზების გამო მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ გადმოვსულიყავით თბილისში. ნოემბრის თვეში ჩამოვედით. რამდენიმე დღეში დავურეკე კობა მესხიას, შევედი სტუდიაში და ჩავწერე ლილიკო ნემსაძის სიმღერა, რომელიც წელიწდნახევრის განმავლობაში მქონდა თაროზე შემოდებული. „მე და შენ“ ხალხს ძალიან მოსწონს. რადიოში ინტენსიურად ტრიალებს და ძალიან მიხარია. ეს არის ის სიმღერა, რომელიც მეუღლემ მაჩუქა. მერე მიეწყო გადაცემებში მონაწილეობა. ყველა მიხვდა, რომ აქ ვარ და ვაგრძელებ ჩემს შემოქმედებითად აქტიურ პერიოდს. მე თვითონ არ ველოდი, იმდენად აქტიურად ჩავერთე. ჩვენს ოჯახს შემოემატა არაჩვეულებრივი აღმზრდელი, დედაც მეხმარება, ხელშეწყობა მაქვს ვივიენის მხრივ. შინაგან განწყობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ტელეწამყვანობის წინადადებაც ამ პერიოდში მივიღე… სასიმღერო კარიერაც ძალიან აქტიურია – ახლა ვაპირებ რუსა მორჩილაძის ახალი სიმღერის ჩაწერას“ – განუცხადა “ფორტუნას” მარიკა თხელიძემ.