„უმეტესობა ინვესტორებისა გვეუბნებოდნენ, რომ მათთვის არ არის საინტერესო პროექტი, სადაც 50-100 მლნ-ზე ნაკლების ინვესტირება შეუძლიათ“, – ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში სავაჭრო პალატის ბიზნესისა და რეგიონული განვითარების დეპარტამენტის დირექტორმა, გიორგი ვეკუამ საქართველო-საუდის არაბეთის საინვესტიციო ბიზნეს-ფორუმზესაუბრისას განაცხადა. მისი თქმით, „საქართველოში ასეთი პროექტები, სამწუხაროდ, ბევრი არ გვაქვს,“
„საუდის არაბეთისთვის საქართველო არის ახალი საინვესტიციო გარემო, ახალი ქვეყანა, ახალი ბაზარი და ერთი რაზედაც ჩვენი დაკვირვება მოხდა იყო ის, რომ მათთვის საინტერესოა მსხვილი საინვესტიციო პროექტები. ისინი არ არიან დაინტერესებული მცირე და საშუალო პროექტებით. გარკვეულ ბიზნესებს ჰქონდათ მცირე წარმოების დაწყების და ინვესტირების სურვილი, როგორც პირველი ნაბიჯი. თუმცა, უმეტესობა ინვესტორებისა, ვისაც ვესაუბრეთ იყვნენ მსხვილი ინვესტორები, რომლებიც პირდაპირ გვეუბნებოდნენ, რომ მათთვის არ არის საინტერესო პროექტი, სადაც 50 მლნ-ზე ნაკლების ინვესტირება შეუძლიათ გააკეთონ, ან 100 მლნ-ზე ნაკლები. საქართველოში ასეთი პროექტები ძალიან ბევრი არ გვაქვს, სამწუხაროდ. თუმცა, ვესაუბრებოდით იმ პოტენციალზე, რომელიც არსებობს, რომ დღევანდელი ინვესტირებული 20 მლნ რამდენიმე წელიწადში 50-100 მლნ შეიძლება გახდეს. ბევრი წამყვანი კომპანია შეხვდა მათ, ბანკები და საფინანსო სექტორის წარმომადგენლები და ისაუბრეს იმ შესაძლებლობებზე, რაც არსებობს და ისინი უფრო დეტალურად დაიწყებენ მოკვლევას, რა სექტორებში შეიძლება ინვესტირება“, – ამბობს გიორგი ვეკუა.