“მთავრობის მხრიდან თანადგომას ვერ ვგრძნობთ” – გიდები სახელმწიფოს მხარდაჭერას სთხოვენ

გიდები ტურიზმის შესახებ კანონში კანონქვემდებარე აქტებით საფუძველზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქმიანობის დარეგულირებას ითხოვენ. ქართველი გიდები ამბობენ, რომ ირანის, სომხეთის, სა და სხვა ქვეყნის გიდები საქართველოში საქმიანობას ყოველგვარი ნებართვის გარეშე ახორციელებენ, არ რეგისტრირდებიან და ტურისტებს საქართველოს ისტორიას დამახინჯებულად უყვებიან.
გიდი მაია მდივნიშვილი ამბობს, რომ ისინი უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან მიმართებით არასამართლიან კონკურენტულ გარემოში არიან, რაც მათ საქმიანობას აზარალებს. მისი თქმით, საქართველომ უნდა გაითვალისწინოს იმ ქვეყნების პრაქტიკა, სადაც პრიორიტეტი ენიჭებათ ადგილობრივ გიდებს, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეებს გიდად მუშაობა შეზღუდული აქვთ.
“ძალიან ხშირად ვხედავ, რომ სომხეთიდან ჯგუფს მოჰყვება სომეხი გიდი და სომხურად ატარებს ტურს. ასევე ჩამოდის ირანიდან, იქაური გიდები, არაბები, ინდოელები. მძღოლი მყოლია მაგალითად, რომელიც პირდაპირ მუშაობს ინდოელთან ენაც კი არ იცის, არც ქართული, არც ინგლისური. როგორ ხდება კომუნიკაცია წარმოუდგენელია. ქართველი გიდი მათთვის არ არსებობს.
ამდენი კვალიფიციური გიდია ქვეყანაში, უცხოელი გიდები კი მათ სამუშაოს ართმევენ. ბევრ ქვეყანაში წესია რომ ტურ-ლიდერი, რომელიც ატარებს ტურს ადგილობრივი უნდა იყოს. ყველგან მთავრობა რაღაც წილად იცავს თავის თანამოქალაქეს, ეს ჩვენთან ნაკლებად ხდება. ჩვენ ვერ ვგრძნობთ თანადგომას მთავრობის მხრიდან”, – ამბობს მაია მდივნიშვილი.
ცნობისთვის, ტურიზმის შესახებ ახალი კანონით უცხო ქვეყნის მოქალაქე გიდი ვალდებულია რეგისტრაცია მთავრობის დადგენილი წესით გაიაროს, თუმცა ჯერ წესი არ არსებობს და მისი შემუშავებისთვის ხელისუფლებას დრო 2025 წლის პირველ ივნისამდე აქვს.
ტურიზმის შესახებ ახალი კანონის მიღება 2023 წლის ბოლოს მოხდა. როგორც ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები ამბობენ, სექტორის მხრიდან ჩართულობა იყო, თუმცა მათი შენიშნების გათვალისწინება საბოლოოდ არ მოხდა. ერთ-ერთი მოთხოვნა, რომელსაც გიდები კანონპროექტის განხილვისას აქტიურად ითხოვდნენ გიდებისთვის ქართული ენის ცოდნის ვალდებულება იყო, თუმცა კანონში აღნიშნულის გათვალისწინება არ მომხდარა. კანონქვემდებარე აქტებზე სამუშაო პროცესი როგორც ჩვენთვის ცნობილია ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში მიმდინარეობს.