შესაფუთი მასალების სექტორი საქართველოში ერთ-ერთ მზარდ სექტორად ჩამოყალიბდა. 2018 წელს, როცა შემფუთველთა კლასტერი შეიქმნა, ქვეყნის ადგილობრივი წარმოებისა და იმპორტის წილი თითქმის თანაბარი იყო, 2022 წლის მდგომარეობით კი ადგილობრივი წარმოების წილი 78%-მდეა გაზრდილი და 2018 წლიდან 113%-იან ზრდას აჩვენებს. ადგილობრივი წარმოების ზრდის პარალელურად შემცირდა წმინდა იმპორტიც.
შემფუთველთა კლასტერის ინფორმაციით, 2022 წელს 16,3 მილიონი დოლარის ღირებულების ექსპორტი განხორციელდა. ექსპორტის 45% აზერბაიჯანში, 36% სომხეთში, 7% კი აშშ-ში განხორციელდა. ექსპორტის 1/3 ქაღალდის შეფუთვებზე, დანარჩენი წილი კი პლასტიკზე მოდის.
საქართველოს შემფუთველთა კლასტერის საბჭოს წევრი სალომე ქარელი „საქმის კურსთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ კლასტერის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი დონორების დაფინანსებამ. უკვე დასრულდა ევროკავშირის და გაეროს 5 წლიანი, € 5 მილიონიანი პროგრამა, რომლის შემდეგაც პროგრამის ფარგლებში შექმნილმა ბიზნეს კლასტერებმა საქმიანობა დამოუკიდებლად უნდა გააგრძელონ.
